„ხვალ შობაა“ - ხუთწლიანი პაუზის შემდეგ
- დეტალები
- განყოფილება: ინტერვიუ
- შექმნილია 12 იანვარი 2012
- გადასვლები: 463
7 იანვარს, შობას, თავისუფალთეატრში სპექტაკლის „ხვალ შობაა“ პრეემიერა შედგა. სპექტაკლში სამი თაობის ინტერესები იკვეთება, ბაბუა (გიორგი ზანგური ), ცდილობს თავის ერთადერთ შვილიშვილს, ტაბიძეების გვარის გამგრძელებელს ქართული ტრადიციები შეაყვაროს, არადა უმცროსი ლეი ტაბიძე (გუგა კახიანი) თავის თანამედროვე
მეგობრებთან ნანკასთან და გაგასთან (თამუნა ნიკოლაძე და კახაბერ შარტავა)ერთად ამერიკაში წასვლაზე ოცნებობს და სულაც არ ადარდებს საკუთარი ფესვები და მიწა-წყალი. თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები ჯობია საკუთარი თვალით ნახოთ.
რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ ეს სპექტაკლი ხუთი წლის წინ, თუმანიშვილის თეატრში ცვლილებების თეატრთან ერთად დადგა. მსახიობთა დასი უცვლელი დატოვა, გარდა ერთი როლისა, გაგას როლს ხუთი წლის წინ თეატრის მხატვარი იოანე ხუციშვილი ასრულებდა, ახლა კი მას კახაბერ შარტავა ასრულებს.
რეჟისორი გიორგი სიხარულიძე
- განსაკუთრებით მიყვარს ეს სპექტაკლი, ხუთი წლის წინ ის ახლად შექმნილ ცვლილებების თეატრთან ერთად თუმანიშვილის თეატრში დავდგით შობას, ჩემი წარდგენაც მესხიშვილის თეატრში ხელმძღვანელადამ სპექტაკლით, შობას მოხდა. თუმცა მერე გარკვეული მიზეზების გამო ვეღარ მივაქციე ყურადღება, და აი ახლა ავთო ვარსიმაშვილმა დაგვითმო სცენა და ათ დღეში მოვამზადეთ სპექტაკლი „ხვალ შობაა“ - კვლავ შობისთვის. იმედი მაქვს ეს სპექტაკლი სარეპერტუარო გახდება ამ თეატრში და შობის საღამოს ტრადიციად დამკვიდრდება.
მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი 5 წლის წინ დაიდგა, თემატიკა დღესაც აქტუალურია. ეს არის ერთი დიდი გვარის ისტორია, ბაბუის, შვილის და შვილშვილის.ბაბუას აშინებს მეტეორივით შემოჭრილი თანამედროვე გლობალიზაცია, რომელსაც მიაქვს რაც კარგი და ისტორიული იყო მის გვარში. ის ცდილობს შვილიშვილს შეაყვაროს მისი ფუძე და ტრადიციები. შვილიშვილის თაობა კი ეძებს ოქროს შუალედს, რომ არც ჩამორჩეს დროის დინებას და არც ის ტრადიციები დაივიწყოს რაც ძვირფასია მისი გვარისა თუ ოჯახისთვის.
თემას ცოტა გადავუხვიე და ბატონ გიორგის მესხიშვილის თეატრში დადგმულ სხვა სპექტაკლებზეც ვკითხე:
- ბატონო გიორგი განსაკუთრებით მოვიხიბლე მიმოდრამით „რომეო და ჯულიეტა“, რომელიც თქვენ გასულ წელს ჩამოიტანეთ რუსთაველის თეატრში, კიდევ თუ გეგმავთ ამ სპექტაკლის თბილისელი მაყურებლისთვის წარმოდგენას?
- რა ათქმაუნდა, ჩამოვიტანთ და არა მარტო „რომეო და ჯულიეტას“, ჩვენი სავიზიტო ბარათებია ასევე „ანა კარენინა“, „ბამბაზიის სამოთხე“, ჩვენ მუდმივად ვახსენებთ ხოლმე თბილისელ მაყურებელს თავს.
- ქორეოგრაფი გიორგი ბარბაქაძე საკონცერტო ქორეოგრაფიაში წლებია მუშაობს, თუმცა თეატრალური სცენისთვის მაინც ახალბედად ითვლება, რატომ გადაწყვიტეთ მისთვის მიგენდოთ ქორეოგრაფია?
- სპექტაკლის პირველ ვარიანში, იყო სცენა „კოშმარი“, ამ სცენის ქორეოგრაფიას კახაბერ შარტავა ხელმძღვანელობდა, თუმცა ახლა ეს სცენა შევცვალეთ, სადაც გიორგიმ მოკლე ვადაში შეასრულა რთული სამუშაო. მე მოხარული ვარ ამ ახალგაზრდა ნიჭიერ ქორეოგრაფთან მუშაობის და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც აუცილებლად ვითანამშრომლებთ უკვე ქუთაისის თეატრში.
ქორეოგრაფიგიორგი ბარბაქაძე - პირველად მიწევს თეატრში მუშაობა ქორეოგრაფად, როდესაც თავად ასრულებ ნომერს, მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული და ეს იოლია, ხოლო როდესაც დასთან მუშაობ ქორეოგრაფიაზე, მაშინ უკვე მეტი პასუხისმგებლობა და ძალისხმევა გჭირდება, თუმცა მსახიობებთან თანამშრომლობა არ გამიჭირდა. საკმაოდ მოკლე დროში დავდგით ნომერი, კახაბერი და თამუნა ძალიან კარგად ფლობენ სხეულის ენას და გამიადვილეს საქმე. რაც შეეხება თეატრში მუშაობას, მე მხოლოდ მოხარული ვიქნები, თუ მსგავსი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
გაგა - მსახიობი კახაბერ შარტავა
- გამარჯობა ცუდო ბიჭო (კახაბერი იცინის), შენი როლის შესახებ მესაუბრე
- ჩემს როლში შეიძლება ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ დაინახოს საკუთარი თავი, ეს ადამიანები არაფერს აშავებენ, უბრალოდ XXI საუკუნის ბინადრები არიან. ადამიანები, რომლებიც ფესვებს და ძირძველ ტრადიციებს ნაფტალინს ეძახიან და აღარ უფრთხილდებიან. რაღაც დოზით ჩემს გმირს ვუგებ, ყველაფერი ახალი, ძალიან კარგია, თუმცა ასე დავიწყება ტრადიციების არ შეიძლება. რაღაცას მაინც უნდა გაუფრთხილდე და უნდა შემოინახო.
ლევან ტაბიძე - მსახიობი გიორგი ზანგური
- შეყვარებული ბაბუა საკუთარ შვილიშვილზე, მეუღლეზე, ოჯახზე ...
- სამშობლოზე და ქართულ ტრადიციებზე. ჩემი გმირი „ასაკშია“ და იუმორით სავსე ცხოვრებას ატარებს, შეიძლება თავად არ უყურებს საკუთარ ცხოვრებას იუმორით, თუმცა სხვისთვის და მითუფრო ახალგაზრდებისთვის სასაცილოა კაცი, რომელიც ძველი დროით და ძველი მოგონებებით ცხოვრობს. აქვს წინათგრძნობა და მოლოდინი, რომ დადგა მისი წასვლის დრო და სურს მოასწროს თავისი სათქმელი, უთხრას შვილიშვილს, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი მამაკაცი, შვილიშვილი კი ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ის თანამედროებას არის აყოლილი და ბაბუამისის საუბარსარ ითვალისწინებს. თუმცა ბაბუის სიკვდილი მას დააფიქრებს. იმედი მაქვს, ყველა ახალგაზრდას დააფიქრებს ეს სპექტაკლი და შეახსენებს, ნუ დავივიწყებთ ძველს, ტრადიციებს, სუფრას, ჩოხას, ფოლკლორს და ძველ ფესვებს, რომლის გარეშეც კავშირი თანამედროვეობასა და ქართველობას შორის ვერ შედგება.
ნანკა - მსახიობი თამუნა ნიკოლაძე:
- ნანკას როლის შემსრულებელს - მასა მაინც ქეთევანით იცნობს, როგორია ეკრანისგან განსხვავებული თამუნა ნიკოლაძის სახე თეატრის სცენაზე?
- თეატრში ვიზრდები, თეატრში ვსწავლობ და თეატრში მიღებული გამოცდილება მაძლევს იმ პრაქტიკას თუ სითამამეს, რომელსაც შემდეგ მაყურებელი ეკრანზე ხედავს. რაც შეეხება სპექტაკლს „ხვალ შიბაა“, ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სპექტაკლია, ნანკას როლი ჩემთვის ახალი არარის, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ჩემი გმირი კიდევ უფრო შეიცვალა, დღეს ჩვენს გარშემო ბევრი „ნანკა“ ცხოვრობს, რომელთაც აღარ უნდათ ოჯახთან ერთად ცხოვრება, ტრადიციები, არ სურს საქართველოში ყოფნა და ზე-ამოცანაა იცხოვრონ ამერიკაში. ამ ოცნების გამო სიყვარულსაც კი ღალატობენ და თმობენ.
- თემას გადავუხვიე და თამუნას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში გადასვლის შესახებაც ვკითხე
- შუა ქალაქი გრძელდება, თუმცა იქ უკვე ახალი მსახიობები არიან დაკავებული. ჩვენი გუნდი მიიწვია „რუსთავი 2“-ის დირექციამ, სადაც კომედი კლაბთან ერთად ვიღებთ ახალ კომედიურ სერიალს. დანარჩენს უკვე ახალი სერიალიდან „რუსთავი 2“ - ზე შეიტყობთ.
7, 14 და 25 იანვარი
თავისუფალი თეატრი
რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე
პიესის ავტორი: ქეთი პატარაია
მხატვარი: იოანე ხუციშვილი
ქორეოგრაფი: გიორგი ბარბაქაძე
Comments:



