1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

დიტა ფონ ტიზი - ბურლესკი შინ და გარეთ

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

დიტა ფონ ტიზიდაბადების თარიღი: 28.09.1972 
მოღვაწეობის სფერო: მოდა 
სრული სახელი: ჰიზერ რენი სვიტი 
Heather Renеe Sweet 
დაბადების ადგილი: როჩესტერი, მიჩიგანი, აშშ.
 იყო მერლინ მენსონის ცოლი 

ბურლესკის დედოფალი დიტა ფონ ტიზი (DITA VON TEESE) სახლში და სცენაზე - ერთი და იგივე ადამიანია. მისი უცნაური საცხოვრებელი ლოს-ანჯელესში სავსეა ნოსტალგიის, რომანტიკის და ეპატაჟის მაცდური ნაზავით.

თანამედროვე დიზაინის მოყვარულს ნატვიფრი ხავერდის კედლები სუნთქვას შეუკრავს, დიტა ფონ ტიზისთვის კი ამაზე უკეთესი არაფერია: ”როცა ექვსი წლის ვიყავი, ჩემი ოჯახი ვიქტორიანულ სახლში გადავიდა. სასტუმრო ოთახი კედლები მწვანე და ოქროსფერი იყო, — ამბობს ცნობილი მოცეკვავე. — მაშინ მეჩვენებოდა, რომ უფრო ლამაზი ცხოვრებაში არაფერი არსებობს”.

დიტას ლოს-ანჯელესის სახლი სხვადასხვა სტილის კოქტეილია: ფერადი კედლები, ეგზოტიკური ფიტულები, კაშკაშა ჭაღები, პინაფ-პოსტერები, ავეჯი არ-დეკოს სტილში. ვინტაჟური გლამურისადმი ისეთივე ბუნებრივი ვნებითაა სავსე, როგორც მისი შოუ, რომელიც მნახველს ჟოზეფინა ბეიკერისა და ჯიფსი როზა ლის გამოსვლებს აგონებს. ”ვთვლი, რომ ბურლესკი ნამდვილი ხელოვნებაა და მისი ადგილი სცენაზეცაა და ცხოვრებაშიც”, — ამბობს ფონ ტიზი. თავის ბოლო შოუში ”ოპიუმის ბუნაგი”, რომლითაც დიტა პარიზის ცნობილ ”კაზინო დე პარიში” გამოვიდა, ამინდის, ჩინური ლამპიონებისა და აღმოსავლური სტილის თეთრეულის დახვეწილი დეკორაციები გამოიყენა. თითქოს ამ სიტყვების დასტურად, ასეთივე ”ჩინეთი” სახლის ყველა ოთახშია.

 

”მეჩვენება, რომ თოჯინების სახლში ვცხოვრობ”, — ამბობს დიტა და თან სამოთხის ჩიტებით მოხატულ ხალიჩაზე მიაბიჯებს. მერილინ მენსონთან გაყრის შემდეგ 2007 წელს ფონ ტიზი დიდხანს ეძებდა ისეთ ადგილს, სადაც თავს ისე იგრძნობდა, როგორც სახლში. ”მინდოდა, რამე შესაფერისი ეპოქიდან მეპოვნა”. 2011 წლის დასაწყისში ლოს-ფელიზში 1946 წელს აშენებულ სახლს წააწყდა, სამი საძინებლით. მფლობელებმა მის გაყიდვაზე უარი თქვეს. მაშინ დიტაა სახლი იქირავა და მაშინვე ინტერიერის შეცვლა დაიწყო. ”შენს შემდეგ ყველაფერი საუკეთესო მდგომარეობაში უნდა დატოვო. ეს სახლსაც ეხება და ურთიერთობებსაც”, — ხსნის ის. (ამჟამად ლუი-მარი დე კასტელბაჟაკს, ფრანგი დიზაინერის ჟან-შარლ  კასტელბაჟაკის შვილს ხვდება.)

საწოლის შექმნისას ინტერიერის დიზაინერი სტეიშა დენემის შთაგონების წყარო კლასიკური კინოდივების შემოქმედება იყო. სარკეები, სვაროვსკის კრისტალებიანი ჭაღი და ნაოჭებიანი ქსოვილი ჭერზე ასრულებს ჰოლივუდის ოქროს ხანის სახეს. ბაროკოსადმი ვნებით დიტა მისთვის ჩვეული იუმორით ათავსებს იმასთან, რასაც ის ”ეკონომიურობას” უწოდებს. ავიღოთ, მაგალითად, სამზარეულო. მაშინ, როცა კედელი აღმოსავლური სტილის ეფექტური შპალერითაა მორთული, 30-იანების სტილის ავეჯი დიასახლისმა ძველმანების ბაზარში იყიდა. ”ყოველთვის ვცდილობდი ფულის დაზოგვას, ტანსაცმლის ყიდვის დროსაც და ინტერიერის შექმნის დროსაც”. თითქმის ყველა სანათი e-bay-ზე იყიდა.

”თითქმის ყველა ჭაღი დიდი ფასდაკლებით ვიყიდე”, — ფლამინგოსფერი სამზარეულოს შესასვლელთან თავს იქებს ვარსკვლავი. მაცივარი, ქურა და უთვალავი ხელსაწყო, შპალერი ირმებისა და ჩიტების გამოსახულებით — ყველაფერი ვარდისფერია.

ვარდისფრის გარდა, დანემის გათვლით, სახლის გაფორმებაში 16 სხვადასხვა ფერის საღებავია გამოყენებული. ”სტილების შერევა მხიარული დიასახლისის მეორე სტიქიაა: ცოტაოდენი არ-დეკო, ცოტაც ჰოლივუდური პეწი და ნეოგოტიკა, ფიტულების სამხეცეთი მისაღებ ოთახში, მათ შორისაა მაიმუნი, ფარშევანგი, მომღერალი ჩიტები და სამი გედი. ”ყველა ცხოველი თავისი სიკვდილით მოკვდა”, — ირწმუნება ფონ ტიზი, თან ერთ-ერთ გედს ეფერება.
 
ნივთების კოლექცია, რომლებიც როდესღაც მის კერპებს ეკუთვნოდა, ყოველთვის გამორჩეულ ადგილასაა. ბიბლიოთეკაში ბეტი გრეიბლის კორსეტია გამოფენილი. ”რამდენჯერმე მეცვა, ჩვენს ფიგურებს ვადარებდი”, — ხუმრობს ტიზი. დიასახლისის საძინებელი 1930-ანების სექს-სიმბოლო მეი უესტზე პიკანტური მოგონებებითაა სავსე: ”ზუსტად ისეთი საწოლი მინდოდა, როგორიც მას ჰქონდა. მასთან ბევრი სარკეც იყო. სულ იმეორებდა: მინდა, ყოველთვის ვიცოდე, როგორ გამოვიყურებიო”.

სპეციალურად დიტასთვის დიზაინერმა საწოლი მოიფიქრა,  რომელსაც რბილი აბრეშუმის სასთუმალი აქვს მასში ჩამონტაჟებული კამეის ფორმის სარკით. ”ვნერვიულობდი, რომ ჩემი კატები, ალისტერი და ჰერმანი,  სასთუმალზე ბრჭყალების ლესვას დაიწყებდნენ. სულ ტყუილად ვღელავდი”. საძინებელს ორი სააბაზანო ოთახი აქვს, სადაც დიტა თეთრეულსა და ვინტაჟურ პენუარებს ინახავს. ”ბევრი თანამედროვე ავეჯი მაქვს - ძველი ნივთები ყოველთვის საჭირო ფერის არაა”.

სხვა ჰოლივუდური იშვიათობები, დიასახლისის პორტრეტებიც კიბის გასწვრივ კიდია, რომელიც ორ ექსტრავაგანტურ საგრიმიოროში, ყოფილ საძინებლებში ადის. ”ყუთებში არაფერს ვინახავ - ძალიან მსიამოვნებს ყველა ნივთის ყურება!” ნეფრიტისფერი კომოდებითა და მანეკენის თავებით სავსე ოთახში ტანსაცმელი, ხელთათმანები და მზის სათვალეებია გამოფენილი. სხვა ოთახი ჩინური სტილის წითელი თაროებითა აღჭურვილი, მათზე სტივენ ჯონსის შლაპები და კრისტიან ლაბუტენის ფეხსაცმელებია ჩამწკრივებული. ”ხშირად მეკითხებიან, რამდენი ფეხსაცმელი გაქვს, ხომ არ დაგითვლიაო... სიმართლე გითხრათ, მე ჩემი კარგი საქციელის დათვლა მირჩევნია”.

სამზარეულოში დაბრუნებული ბურლესკის დედოფალი იმაზე ყვება, რით უმასპინძლდება ჩვეულებრივ სტუმრებს. თურმე ძალიან უყვარს ცხობა, კარგი ნამცხვრები და ორცხობილები, ქვაბში მომზადებული ქათმის ღვეზელები გამოსდის და მექსიკური საღამოების მოწყობა უყვარს. ეკლექტური ფაიფური ესადაგება სხვადასხვაგვარ ბოკალს, რომ სტუმრებმა ადვილად იცნონ თავიანთი სასმელი. ფონ ტიზი ”კუანტროს” სახეა, ამიტომ კარგად იცის, რა უნდა ჩამოსხას სასმისებში. ”ჩვეულებრივ ჩვენს საფირმო კოქტეილს ”კუანტრო ტიზს” ვაკეთებ”. ერთმანეთს შეურიეთ ვაშლის წვენი, იის სიროფი, ლიმონის წვენი და ლიქიორი”.

ციტა ხნის წინ მან თავისი კულინარული რეპერტუარი რამდენიმე ფრანგული კერძით შეავსო. ”ჩემი საყვარელი ადამიანისთვის არაჩვეულებრივ ქათამს ვაკეთებ ღვინის სიუსში”, — თავს იქებს. საბედნიეროდ, მის ახლანდელ რჩეულს სახლის ინტერიერი მოსწონს. ”ჩემს ყველაზე საშინელ კოშმარში ისეთი ბიჭი მიყვარდება, რომელსაც თეთრი კედლები და თანამედროვე ავეჯი მოსწონს!” — ამბობს ფონ ტიზი.

ფრანგი მეგობარი იმაზეც არასდროს ბრაზდება, სრულიად მოულოდნელ ადგილებში დიტას თეთრეულის კოლექციის ამა თუ იმ ნივთს რომ წააწყდება. ვფიქრობ, ბიუსტჰალტერები სერვანდში ხომ არ გადამეტანაო, პროვოკაციულად აცხადებს ”ფაიფურის თოჯინა”.

ფონ ტიზს სამასამდე შლაპა აქვს. ”ჩემი კოლექცია სავსეა 40-იანი წლების ”თოჯინური” შლაპებით. ფორმით ისინი უფრო კლასიკურ მამაკაცურ ცილინდრებს ჰგავს, მაგრამ მათში ყოველთვის არის რაღაც ქალური”.

Comments:

GGG Studi@