1998 წლიდან რეგულარულად მსმელ ქალთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა
- დეტალები
- განყოფილება: საინტერესო ამბები
- შექმნილია 17 იანვარი 2012
- გადასვლები: 506
საზოგადოდ გავრცელებულ მოსაზრებას თუ დავუჯერებთ, მავნე ჩვევებს კაცები ქალებზე მეტად ითვისებენ. თითქოს, ისინი მეტს ეწევიან, მეტსაც სვამენ. მაგრამ, ბოლო დროს, სუსტი სქესის წარმომადგენლებში ალკოჰოლის მიმართ მიდრეკილება ისეთი ტემპით იზრდება, რომ ქალები შეიძლება მალე დაეწიონ კიდეც კაცობრიობის ძლიერ ნახევარს ამ არასახარბიელო მაჩვენებელში.
კვლევის შედეგად ევროპელი მეცნიერების მიერ მიღებული მონაცემების მიხედვით, 1998 წლიდან რეგულარულად მსმელ ქალთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა. თუ 1998 წელს ყოველ კვირაში ”გადაკვრის” უფლებას ევროპელ ქალთა მხოლოდ 7% აძლევდა თავს, დღეს მათი რიცხვი 15% პროცენტს შეადგენს.
გასაოცარია, რომ ამ ციფრებზე იმ ფაქტორებს არ მოუხდენია გავლენა, რაც საერთოდ ალკოჰოლიზმის გამომწვევ მიზეზებად არის აღიარებული. როგორც ჩანს, სიღარიბე და ცხოვრების ცუდი პირობები კი არ უბიძგებს ქალებს სასმელისკენ, პირიქით, აყვავება...
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქალბატონები უფრო მეტად დამოუკიდებლები და თვითმყოფადები გახდნენ, როგორც მატერიალურ, ისე მორალურ სფეროში. ისინი დიდ წარმატებებს აღწევენ კარიერაში, იკავებენ საპასუხისმგებლო თანამდებობებს, ბევრს გამოიმუშავებენ და ქონებრივადაც მშვენივრად გრძნობენ თავს. უფრო და უფრო ნაკლები ქალი ისწრაფის ოჯახის შექმნისაკენ და მეტი - კარიერისკენ, გასართობად ბარებსა და კლუბებში დადის.
ამასთან, გარკვეულ როლს ალკოჰოლის მარკეტინგული გამავრცელებლებიც ასრულებენ. ბევრი დაწესებულება ქალბატონებს ალკოჰოლურ სასმელებს ფასის გარკვეულ პროცენტად, ან საერთოდ, უფასოდ სთავაზობს, ზოგი კი - ოცდაოთხი საათის განმავლობაში ეპატიჟება, რაც კლიენტების მიერ მთელი ღამის სმაში გატარებას ”უზრუნველყოფს”. მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ ალკოჰოლის სხვადასხვა სახეობის მსყიდველუნარიანობა თანდათან გაიზარდა. ”ღვინის” კულტურა მთელ ევროპაში ამაღლდა და ბევრ ოჯახში ღვინის ბოთლი ყოველი ვახშმის აუცილებელ ატრიბუტად იქცა.
”საერთოდ, ქალები, კაცებთან შედარებით, მეტ ღვინოს სვამენ, - წერს უკანასკნელი გამოკვლევის შესახებ ჟურნალი Daily Mail-ი. - ბოლო დროს ამ სასმელის ფასი დაეცა, მისმა სიძლიერემ მოიმატა, ხოლო სტანდარტული ღვინის ჭიქების მოცულობა გაიზარდა”.
საინტერესოა სპირტიანი სასმელების მომხმარებელთა ასაკობრივი ტენდენციებიც. მეცნიერები გაკვირვებული დარჩნენ, როცა კვლევების შედეგმა აჩვენა, რომ ალკოჰოლის მომხმარებელთა უმრავლესობა პენსიონერები იყვნენ. ტრადიციულად, ხნიერი ადამიანები სმის მიყვარულთა ყველაზე მცირერიცხოვან ჯგუფს შეადგენენ. თუმცა, ბოლო წლებში მდგომარეობა შეიცვალა. ”ჩანს, ეს დაკავშირებულია მოხუცთა ცხოვრების ხარისხის რამდენადმე გაუმჯობესებასთან, - ფიქრობენ მეცნიერები. - მათი ფინანსური შესაძლებლობები ალკოჰოლის უფლებას აძლევთ”.
ამავე დროს, ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა 11-დან 13 წლამდე მოზარდებშიც. ეს მშობელთა ”დამსახურებაცაა” - ისინი უფროსებს ბაძავენ. ამასთან, სპირტიანი სასმელები ბევრად ხელმისაწვდომი გახდა: მაღაზიები დაბალალკოჰოლიანი კოქტეილების ფართო ასორტიმენტს სთავაზობენ მყიდველს, ხოლო მშობლები ბავშვების ჯიბის ფულისთვის არასდროს ძუნწობენ.
ეს საინტერესოა:
• თუმცა, მკვლევრები კლუბებსა და ბარებში ალკოჰოლის მოხმარების ზრდაზე საუბრობენ, ქალების უმრავლესობა სახლში დალევას ამჯობინებს.
• აღმოჩნდა, რომ კარგი განათლება ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანია, რომელიც ქალებში ალკოჰოლიზმის რისკს ზრდის.
• დაუოჯახებელი ან ქმარს გაშორებული ქალები უფრო მეტად არიან მიდრეკილი ალკოჰოლის ნორმის გადაჭარბებისკენ.
• ზოგადად, ალკოჰოლის მომხმარებელი ქალები ცხოვრების აქტიურ წესს ეწევიან და უფრო ყურადღებით ადევნებენ თვალ-ყურს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვიდრე სხვები.
Comments:



