 ვის არ უყვარს ოცნება? მაგრამ ცუდი არ იქნება, თუ ოცნებების ნაწილს მაინც ხორცს შევასხამდით. როგორ უნდა მოხერხდეს ეს? როგორ უნდა გახდე მხოლოდ მიზანსწრაფული კი არა, მტკიცე და დაჟინებული და წარმატებული მიზნის მიღწევაში.
პირველ რიგში, საინტერესოა: ა) რა გვიშლის ხელს სასურველის მიღწევაში?
ბ) ჩაუღრმავდით საკუთარ თავს: იქნებ ის, რაც საკუთარ სურვილად მიღებული გაქვთ, სხვებისგანაა თავსმოხვეული?
გ) იქნებ მოტივაცია არ გყოფნით, ცხადად არც კი წარმოგიდგენიათ, რა სარგებლობას მოიტანს სანუკვარი ოცნების ახდენა.
დავუსვათ საკუთარ თავს ეს კითხვები და რეალური პასუხების პოვნას შევეცადოთ, რომ საკუთარი თავის წინაშე სამართლიანი აღმოჩნდეთ და ამაოდ არ გავისარჯოთ. აი, მერე კი შემდეგი ალგორითმების რეალიზაციას შევუდგეთ.:
1. მაქსიმალური სიზუსტით, ცხადად ჩამოაყალიბეთ მიზანი. მაგალითად: “მე გახდომა მინდა” კი არა, “მე მინდა გავხდე 2 კვირაში 5 კილოგრამით“. მიზანი არარეალური და მიუღწეველი არ უნდა იყოს. უნდა ხელგეწიფებოდეთ მისი მიღწევა.
2. დათქვით ბოლო ვადა - ამის გარეშე იმდენჯერ გადადებთ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას, რამდენჯერაც თქვენს გულს გაეხარდება. მაგალითად, ტორტის ნაჭერს რომ დაინახავთ, და მერე ვინმე შემოგთავაზებთ, სული წაგძლევთ, უარის თქმის ძალა არ გექნებათ, პირს ჩაიტკბარუნებთ, და მერე თავსაც იმართლებთ, გახდომას ყოველთვის მოვასწრებო.
3. გამოიყენეთ პოზიტიური მოტივაცია: ანუ ნუ ეტყვით საკუთარ თავს: “გახდომა იმიტომ მინდა, რომ არ მინდა მსუქანი ვიყო” (ან “უფრო დიდი ხელფასი იმიტომ მინდა, რომ სიღარიბე არ მინდა”). ამ შემთხვევაში ტვინი უფრო მეტად იმაზე ფოკუსირდება, რაც არ გინდათ და არა ნამდვილ მიზანზე. “ასეთი ფორმულირების შემთხვევაში, ქვეცნობიერ დონეზეც კი, ტვინში უარყოფით სურათს ხატავთ – ნუთუ ამისთვის ირჯებით?! ამიტომ დადებითი სახეებით ხელმძღვანელობა უნდა ვისწავლოთ. მაგალითად: “საკუთარ თავს უნდა ვუთხრათ, რა ლამაზ სამოსს ჩავიცვამდი, რომ გავხდებოდე, როგორ გამომაყოლებდნენ თვალს ზოგზოგიერთები?!” და ა.შ.
4. მომავალში გადაიხედეთ: რამდენიმე წამით წარმოიდგინეთ, რომ სასურველი უკვე მიღწეულია. შეხედეთ კალენდარს, თარიღს, რომელიც ბოლო ვადად განსაზღვრეთ. წარმოიდგინეთ, რომ დრეს სწორედ ბოლო დღეა და საკუთარ თავს უთხარით, მაგალითად: “დღეს 10 მაისია, 5 კგ-ით გავხდი, მიმზიდველად და მოხდენილად გამოვიყურები. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. სხვათა შორის, მგონი, ჩემი დანახვა სხვებსაც სიამოვნებთ. რამდენი კომპლიმენტი მივიღე?! თან მამაკაცებისგან, მაგარია!”. წარმოიდგინეთ: თქვენ - ულამაზესი; გარშემომყოფები - აღფრთოვანებული. იგრძენით, როგორ გავსებთ მიზნის მისაღწევად აუცილებელი დადებითი ენერგია და მოქმედების სურვილი.
ამ რამდენიმეწუთიანი “პროცედურის“ განმეორება მართლა ღირს ყოველდღე. შინაგან მოტივაციას შეინარჩუნებთ და გზიდანაც აღარ გადაუხვევთ.
5. მიზანი ჩაწერეთ: გაიხსენეთ წინა სავარჯიშო და ჩაწერეთ ყველაფერი, რაც წარმოიდგინეთ. ეგ ქაღალდი გამოსაჩენ ადგილას დადეთ, რომ ყოველთვის გხვდებოდეთ თვალში.
6. შეადგინეთ გეგმა: როგორც თვითმიზანი, გეგმაც კონკრეტული და რეალისტური უნდა იყოს. მაგალითად, თუ 5 კგ-ით გახდომას 3 თვეში განიზრახავთ, თვეს კვირებად დაყოფთ და თითოეულ კვირას დაგეგმავთ: “ორშაბათი - გავირბენ 2 კმ-ს, ხუთშაბათი - ნახევარსაათიანი ცეკვა, პარასკევი: გავირბენ 2, 5 კმ-ს, შაბათი - ნახევარსაათიანი აერობიკა, კვირა: დასვენება” და...
7. მიყევით გეგმას: რისთვისღა შეადგინეთ, თუ გადაუხვევთ?! ზედმეტად დატვირთული აღმოჩნდა? - შეასწორეთ. საქმის ნახევარ გზაზე მიტოვებას ჩასწორება აჯობებს.
ამ მარტივ ალგორითმებს “მიზნის მიღწევის თეორიის შესავალი” შემთხვევით არ ვუწოდეთ. მიზნის მიღწევის გზები მრავალგზის და მრავალი კუთხითაა განხილული, და უფრო ღრმა ანალიზის დრო აუცილებლად მოვა. მანამადე კი, დიდი მიზნის განხორციელების წინ, “მარტივი მიზნების მიღწევის თეორიის” პრაქტიკაში გადატანა ურიგო სავარჯიშო და შესავალი არ უნდა იყოს:
იქნებ სულაც არ გვსურს 5 კგ-ით დაკლება დავგეგმოთ, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს აქვს ამ ეტაპზე გასაკეთებელი რაღაც, რასაც სიზარმაცის თუ ყოფითი დავიდარაბის გამო თავს ვერ ართმევს - რაღაც პატარა, არც ისეთი სანატრელი რამ, რომელიც ოცნებად გადაექცა და დროთა განმავლობაში დავიწყებასაც კი მისცემს, რომ მაინცდამაინც არ გაუნაწყენდეს თავს. მაგალითად, რამის შეკერვა გინდა და ვერადავერ დაიწყე: ნაჭრის საყიდად არ მცალიაო, მოდელი ვერ შევარჩიო, მკერავი ვერ ვნახე, ან თარგი ვერ მოვიძიე, ბოლოს “თავი ვერ მოვაბიო” და ამ 5-10 წუთში მოგვარებადი პატარა ნაბიჯების გამო ერთი კაბის შეკერვა გაზაფხულის ოცნებად გადაიქცევა...
რამდენია ასეთი ე. წ. მინიოცნება და მინიმიზანი, როგორც უმნიშვნელოს საბოლოოდ თავიდან რომ ამოვიგდებთ ხოლმე?! არადა “ასეთების” ასრულება-არასრულებით, მათთან დამოკიდებულებით ჩვენი ხასიათის მნიშვნელოვანი შტრიხები: მიზანსწრაფულობა თუ შემგუებლობა, სიმტკიცე თუ პრაქტიკულობა, სინამდვილისთვის თვალის გასწორების უნარი, თუ ზღაპრულ ილუზიებში ნავარდით კმაყოფილების ჩვევა, სიტუაციის მართვის სადავეების საკუთარ ხელში მოქცევის თუ საერთოდ მიშვების “ხელოვნება” – ყალიბდება.
მოკლედ, თუ ადამიანი თეორიის პრაქტიკად გადაქცევას მარტივ მიზანზე ისწავლის და მიეჩვევა, დიდ მიზანსაც მოუძებნის გასაღებს, მოსაკლავი დროც არასდროს დარჩება და ყველა წუთს სისავსით გაალამაზებს... გაუზიარე სტატია შენს მეგობრებს FaceBook-ზე! |