1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ტოპ-ათეული, რომელმაც ტურიზმის სამყარო შეცვალა

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

ტოპ-ათეული, რომელმაც ტურისტული სამყარო შეცვალა ავტოტრანსპორტი ერთ დროს ძალიან ნელი იყო, ბარგი - მძიმე, ხოლო ადამიანთა უმრავლესობა სრულიად კმაყოფილდებოდა დღესასწაულებით, რომლებსაც შინ ან აგარაკზე ატარებდა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაირა, მეცნიერები ამაოდ არ დამაშვრალან - გადაადგილება ბევრად ადვილი გახდა. Budgetravel.com-ი დაინტერესდა, ბოლო წლებში შექმნილი რომელი გამოგონება მიაჩნდათ მკითხველებს ტურისტებისათვის ყველაზე მნიშვნელოვნად. ამ მცირე გამოკვლევის შედეგები საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.

 

10. ონ-ლაინ ბარათები

მათი საშუალებით მოგზაურს შეუძლია არა მხოლოდ იმის გაგება, თუ სად იმყოფება, არამედ იმისაც - თუ რომელია ყველაზე მოკლე და სწრაფი გზა აეროპორტიდან სასტუმრომდე, სასტუმროდან რესტორნამდე, ან მუზეუმამდე. ყველაზე მეტად მოსახერხებელია ფოტორუკები: ისინი საშუალებას იძლევიან, საკუთარი თვალით ნახო, რა არის სამყაროს მეორე ბოლოში.

9. ციფრული სურათი
ალბათ გახსოვთ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, შვებულებაში გამგზავრებისას, ათასობით სურათს ვუღებდით მსოფლიოს ულამაზეს ადგილებს. შემდეგ კი აღმოჩნდებოდა, რომ სურათების ნახევარი არასწორად იყო ფოკუსირებული, ნახევარი კი – ჩამუქებული. სამწუხაროდ, სავალალო შედეგის დანახვა მხოლოდ ფირის გამჟღავნების შემდეგ იყო შესაძლებელი, როდესაც უკვე ვეღარაფერს შეცვლიდი. ახლა ციფრული კამერით შესაძლებელია ათასობით სურათის გადაღება. მათი ხარისხის მომენტალურად შეფასება და უვარგისის მაშინვე მოშორება, ნერვების, დროისა და ფულის დაზოგვით.

8. ონ-ლაინ რეგისტრაცია რეისებზე
ამ სიახლით ჯერჯერობით ყველა ავიაკომპანია არ სარგებლობს. თუმცა თუ მათ სურთ გადარჩენა კონკურენტებთან ბრძოლაში, მოუწევთ გადასვლა რეგისტრაციაზე ინტერნეტის საშუალებით. ეს ისეთი მოსახერხებელია: არ კარგავ დროს რიგში დგომით, სხვა აღელვებულ და მოუთმენელ მგზავრებს შორის, არამედ შინ საკუთარი კომპიუტერიდან დამოუკიდებლად ირჩევ ადგილს თვითმფრინავის სალონში და შემდეგ ამოიბეჭდავ პრინტერით ჩასაჯდომ ტალონს.

7. GPS-ნავიგაცია
აბსოლოტურად საჭირო რამეა ავტომობილებისათვის. იგი ხელს უწყობს ადვილ ორიენტირებას ქალაქში, რომელშიც არასოდეს ყოფილხართ. ყველაფერი, რაც ამისთვის უნდა გააკეთოთ, ეს არის ზუსტი მისამართის შეტანა იმ ადგილისა, სადაც მიემგზავრებით. დანარჩენ ყველაფერს ნავიგატორი თვითონ გააკეთებს: ყველაზე მოხერხებულ გზას მიგითითებთ ცალმხრივი მოძრაობების, საცობებისა და სხვა მოულოდნელობების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში დროულად შემოგთავაზებთ შემოვლით ვარიანტს, წინასწარ შეგატყობინებთ მოსახვევის შესახებ, გაფრთხილებას მოგცემთ, თუ მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს.

6. ბანკომატები
ცივილიზებული სამყაროს ნებისმიერ წერტილში დღეღამის განმავლობაში ნებისმიერ დროს თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება საკუთარი საბანკო ანგარიში და ნაღდი ფული. თანაც მას ადგილობრივი ვალუტით მიიღებთ, მიუხედავად იმისა, ბანკში დოლარები, ევროები თუ ლარები გაქვთ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ არ დაგჭირდებათ ფულის გადასაცვლელი პუნქტის ძებნა, ლოდინი, როდის გაიხსნება ბანკი, შემდეგ კი ახსნა ლედისთვის სარკმელში, რომელსაც აშკარად თავისი კილო აქვს, რამდენის გადაცვლა გჭირდებათ.

5. მობილური ტელეფონები
აღარ არის საჭირო უცხო ქალაქში ტელეფონების ძებნა, ფულის დახურდავება და შენახვა ჯიბეში, იმ შემთხვევისთვის თუ დარეკვა დაგჭირდებათ. იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობის შესახებ შეატყობინოთ, ყველაფერი, რაც ამისთვის დაგჭირდებათ, მობილურის ჯიბიდან ამოღება და საგანგებო სამსახურის ნომრის აკრეფაა. ისიც მართალია, რომ ამ ნივთს ,,მინუსებიც” აქვს. მაგალითად, დედას შეუძლია თქვენს საქმეებსა და ჯანმრთელობაზე ყოველდღე იზრუნოს. თუმცაღა, ”პლუსები” მაინც ჭარბობენ.

4. ყოველმხრივი ხელმისაწვდომობა ინტერნეტთან
მსოფლიო ქსელში ჩვენს დროში შეგიძლიათ სასტუმროს ნომრიდანაც შეხვიდეთ და ინტერნეტ-კაფედანაც განვითარებული სამყაროს პრაქტიკულად ნებისმიერ ქალაქში. შესაბამისად, აღარ მოგიწევთ კავშირის გაწყვეტა ნათესავებსა და მეგობრებთან, შეძლებთ შეატყობინოთ მათ ინფორმაცია თქვენი მოგზაურობის შესახებ და აჩვენოთ სურათები, დედამიწის სხვა ნახევარსფეროშიც რომ იყოთ. Aსევე, სულ რაღაც წუთებში, მოახერხებთ მარშრუტის შეცვლას, ავიაბილეთების შეძენას, სასტუმროს დაჯავშნას.

3. TripAdvisor
მათ, ვინც არ იცის სად წავიდეს და რომელ სასტუმროში გაჩერდეს, დაეხმარება TripAdvisor-ი. ამ რესურსით შესაძლებელია სხვა ადამიანების შეხედულებების გაგება (რეალური ადამიანების!) საინტერესო ადგილებისა და მოვლენების შესახებ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და საკუთარი (სწორი!) არჩევანის გაკეთება. უთხარით არა ჭუჭყიან სანაპიროებს, საძაგელ ოტელებს ცუდი მომსახურებით და საშინელ რესტორნებს! TripAdvisor-ზე მოიძებნება ინფორმაცია პლანეტის ყველაზე არაპოპულარული ადგილების შესახებ, რომელზეც არაფერი წერია არსად სხვაგან.

2. მოგზაურობების ონ-ლაინ დაჯავშნა
ნამდვილი რევოლუციაა ტურიზმში! ახლა თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად შეადგინოთ მოგზაურობის პროგრამა, დაჯავშნოთ ფრენა და სასტუმროები, შემდეგ კი შეცვალოთ გეგმები რამდენჯერაც გაგიხარდებათ. მოგზაურები აღარ არიან დამოკიდებულნი ტურისტულ სააგენტოებზე. თქვენ საკუთარი საძინებლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ არა მხოლოდ ტრანსპორტისა და საცხოვრებლის საკითხი, არამედ შეიძინოთ კიდეც წინასწარ ბილეთები მუზეუმებსა და გამოფენებზე, თეატრებსა და კონცერტებზე.

1. ჩანთები ბორბლებზე
სრულიად მოულოდნელად, სხვადასხვანაირი მაღალტექნოლოგიური სიახლეების გასწრებით ამ გამოკითხვის გამარჯვებული გახდნენ ჩანთებისა და ჩემოდნებისთვის მორგებული უბრალო, ჩვეულებრივი პატარა ბორბლები. მიუხედავად ყველაფრისა, მოგზაურების უმეტესობა მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, სწორედ ამ მარტივმა გამოგონებამ გახადა მოგზაურობები უფრო სასიამოვნო და მოხერხებული.

მასალა მოამზადა სოფიო გულიაშვილმა

Comments: