1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

მარკ შაგალის ლაჟვარდოვანი სამოთხე - ტოსა დე მარი (ესპანეთი, კატალონია)

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

მარკ შაგალის ლაჟვარდოვანი სამოთხე - ტოსა დე მარი (ესპანეთი, კატალონია) როცა ერთი ჩვეულებრივი ადამიანია შეყვარებული, გულისნადების გამოძახილს პოეტების, მხატვრების და მუსიკოსების ქმნილებებში ეძებს. როცა დიდი შემოქმედია შეყვარებული - შედევრს ქმნის. თუ ისტორიკოსებს დავუჯერებთ, ერთხელ მარკ შაგალსაც შეუყვარდა და მისი სიყვარულის ობიექტი გახდა... მეთევზეების პატარა დასახლება კოსტა ბრავოში, რომელსაც მხატვარმა „ლაჟვარდოვანი სამოთხე“ დაარქვა.

დღეს ეს ქალაქი ბუნების პირველქმნილ სილამაზეს მონატრებული და სიმყუდროვისმაძიებელი ნამდვილი რომანტიკოსების და პოეტების საყვარელი ადგილია.

მიჯნურთა და პოეტთა ოცნება
ამ დალოცვილ ადგილს ტოსა-დე-მარი (Tossa de Mar) ჰქვია. შაგალის შემოქმედების უამრავი თაყვანისმცემელი ნატრობს აქ მოხვედრას. ბევრი იმ მოდური სანაპირო კურორტისგან განსხვავებით, უცებ საიდანღაც რომ ამოიზარდა მეთევზეთა პატარა დასახლებებიდან, ტოსა-დე-მარი არისტოკრატულ წრეებში ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოციან წლებში იყო პოპულარული. პირველად წყაროებში 1186 წელს მოიხსენიეს.

იქნებ ეს სიძველე ხდის აქაურობას ასე რომანტიკულს. რა თქმა უნდა, დიდი წვლილი ბუნებისაა, რომლის წყალობითაც ტოსა-დე-მარი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილად ითვლება ესპანეთში. აქაური ნაპირი კლდეებითაა დასერილი, რომლებიც ცნობისმოყვარე თვალებისგან პატარა და მყუდრო პლაჟებს იცავენ. და რადგან ამ ადგილებამდე მიღწევა მხოლოდ საგანგებოდ დაქირავებული ნავით ან კატერით შეიძლება, მარტოობას და სიმშვიდეს არავინ არღვევს.

მარკ შაგალის ლაჟვარდოვანი სამოთხე - ტოსა დე მარი (ესპანეთი, კატალონია)

კიბე წარსულში
ჟანრის კანონი მოითხოვს, რომ რომანტიკულ მხარეში რაღაც ძველი და იდუმალი, ლეგენდებში გახვეული ადგილი. ამ მხრივ განსხვავებული არც ტოსა-დე-მარია. ქალაქის პლაჟის მახლობლად კოსტა-ბრავას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძეგლი — ჯერ კიდევ XII ს-ში დაარსებული ციხე-სიმაგრე ,,ვილა-ველია” (,,ძველი სოფელი”).

ბევრის გასაკვირად, ციხე-სიმაგრის მთელი პერიმეტრი დაუზიანებლადაა შემონახული.

ყველაზე გავცელებული ტურისტული მარშრუტი ქალაქ-სიმაგრეში ქვის კიბით ნელი ასვლაა. მიხვეულ-მოხვეული კიბეების მიუხედავად, არ დაიღლებით. ზევიდან ისეთი ხედი იშლება, რომ დახარჯული ენერგია ასმაგად აგინაზღაურდებათ; ხოლო გზადაგზა გაფანტულ პატარა კაფეებსა და რესტორნებში ესპანური სამზარეულოს უგემრიელეს კერძებს დააგემოვნებთ.

აღმართი მოსახვევებით
თუ თქვენი დასვენების დღეების გამრავალფეროვნებას განიზრახავთ, ავტობუსით მეზობელ კურორტ ლორეტ-დე-მარზე წასვლა შეგიძლიათ. აქ დღის და ღამის ცხოვრება მთელი ძალით და ხმაურით ჩქეფს. აქაური ავტოსადგურიდან პირდაპირი რეისია ბარსელონისკენ.

თუ ტოსა-დე-მარიც არ დაგაკმაყოფილებთ სან-ფალიუსკენ გასწიეთ. ადგილობრივები გზას მთის სერპანტინებზე „365 მოსახვევს“ უწოდებენ. იქ ყოველი ახალი მოსახვევიდან ახალი მომაჯადოებელი პანორამა იშლება.

ს. გულიაშვილი
eva.ge 

Comments: