1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

გენტი - ქალაქი უმდიდრესი ისტორიით

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

გენტი (ბელგია)დღეს შესანიშნავ ბელგიურ ქალაქ გენტზე (ჰოლ. Gent, ფრანგ. Gand) გიამბობთ. იქ რომ მოხვდეთ, ჯერ ბრიუსელამდე უნდა მიხვიდეთ, მერე კი ხელის ერთ გაწვდენაზეა – სულ 30 წუთი 20 ევროდ.

ქალაქი–პორტი გენტი მდინარე შელდაზე მეცხრე საუკუნეში დაარსდა, როცა ფლანდრიის პირველმა გრაფმა ბოდუენ პირველმა, ზედმეტსახელად რკინის ხელი, ვიკინგებისაგან სააბატოების დასაცავად აქ ციხე–სიმაგრე ააშენა.

გენტის მმართველებს შორის მრავალრიცხოვანი დინასტიური კონფლიქტის მიუხედავად, ქალაქი ყვაოდა - ძირითადად, იღბლიანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ასევე აბრეშუმის მეურნეობის განვითარების წყალობით. ერთ–ერთი ყველაზე დიდი წარმოება ამ დარგში ადგილობრივ გრავენსტინის სასახლეში იყო განლაგებული, რომელიც ახლაც გენტის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. აშენდა 1157–დან 1191–წლამდე პერიოდში ფილიპე ალსასელის დროს და საგრაფო დინასტიის ნავთსაყუდელი იყო მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. სასახლეში ახლა ისტორიის მუზეუმია და შუასაუკუნეობრივი წამების იარაღების კოლექციასაც ინახავს. მისი დათვალიერება, დაახლოებით, 8 ევრო დაგიჟდებათ.

გენტის ცენტრში მისი ერთ–ერთი სიმბოლო - წმინდა მიქაელის ხიდია. ამ ადგილიდან ქალაქის საუკეთესო ხედების გადაღება შეიძლება. ახლოსაა გენტის მთავარი განძი – წმინდა ნიკოლოზის ტაძარი– მარცხნივ, მარჯვნივ– ბელფორდის კოშკი და წმინდა ბავონის ტაძარი.

გენტი

გენტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წმ.ბავონის ტაძარი ერთ–ერთი უძველესია ბელგიაში. სახელი ადგილობრივი მიწათმფლობელისა აქვს, რომელიც მე–7 საუკუნეში წმინდანად შეურაცხავთ, რადგან მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა და თავი ეკლესიას მიუძღვნა. თანამედროვე გრანდიოზული შენობა გოტიკურ სტილშია აშენებული. ის პატარა ეკლესიის ადგილზე დგას. როგორც ჩანს, წმინდა ბავონს გენტის მოქალაქეები დიდ პატივს სცემდნენ, რადგან მისი სახელობის ტაძრები ყოველ ჯერზე უფრო დიდი ლამაზი შენდებოდა.

გენტიწმ. ბავონის ტაძრის მთავარი სიმდიდრე – გენტის საკურთხეველია, რომელიც ძმებს ჰუბერტ და იან ვან ეიკებს შეუქმნიათ და სამხატვრო ფასეულობის გარდა, მნიშვნელოვანია იმით, რომ ხატვისას ზეთის საღებავების ახალი შემადგენლობა გამოიყენეს. დამპყრობლებმა, რომლებიც გენტის მიწაზე გაივლიდნენ, არა ერთხელ სცადეს საკურთხევლის განადგურება, ავსტრიელმა იმპერატორმა კი შიშვლად გამოსახული ადამისა და ევას ჩაცმაც კი ბრძანა. დღეს ორიგინალი შუშის ქვეშ ინახება, სანახავად კი მხოლოდ ასლია წარმოდგენილი. გენტის საკურთხევლის ნახვა 3 ევრო ღირს.

წმ. ბავონის ტაძრის უკან შეიძლება Geeraard de Duivel Steen–ის ანუ ჟერალდ ეშმაკის სასახლის ნახვა, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე პირველი ქვის შენობაა ქალაქში. ძველი ლეგენდის თანახმად, კაცს, რომელიც აქ ცხოვრობდა, ჟერალდი ერქვა. ეშმაკი იმიტომ დაარქვეს, რომ 5–ჯერ იყო დაქორწინებული და ყოველ ჯერზე ცოლს კლავდა, რომ სხვა მოეყვანა. ამჟამად ჟერალდის სახლში ქალაქის ადმინისტრაციის არქივია. 


გენტიაქვე, წმ. ბავონის ტაძართანაა 1338 წელს აშენებული ბელფორდის სამრეკლო, რომელიც საგანგებოდ, დოკუმენტების შესანახად აღმართეს. დღეს, ისევე, როგორც ადრე, ბელფორდის ზარები ქალაქის მაცხოვრებლებს გენტის ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს ამცნობს.

როცა გენტზე საუბრობენ, შეუძლებელია, ადგილობრივი სამზარეულო არ ახსენონ. ლუდს აქ უცნაურ ხის დასადგამზე ამართულ კოლბებში სვამენ.

გამოგონება ადგილობრივ მედუქნე პაუველ კვაკს ეკუთვნის, რომელიც მე–13 საუკუნეში ცხოვრობდა. მის ტავერნასთან უამრავი მოგზაური ჩიოდა, რომ იმის დროც კი არ აქვთ, ლუდი დალიონ. სწორედ მაშინ გამოიგონა გონებამახვილმა მასპინძელმა ისეთი სასმისი, რომლითაც მოძრავი ეტლიდანაც მიირთმევდნენ ერთ ჭიქა ლუდს. გარდა ამისა, გენტი ცნობილია თავისი ბეკონითა და განსაკუთრებით ცხარე მდოგვით.

გენტიფლამანდიური ფერწერის მოყვარულმა და უბრალოდ განათლებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს,რომ გენტში ინახება დიდი მხატვრების ტილოები: პიტერ პაულ რუბენსის „წმინდა ბავონის მოქცევა“, ანტონ ვან დეიკის „იუპიტერი და ანტიოპა“, იან ვან ეიკის „გენტის საკურთხეველი“, თეოდორ რომბოუტსის „გარდამოხსნა“ და „სამართალი“.

გენტში 20-მდე მუზეუმია. თუკი გრაფების სახელგანთქმული საახლის, გრავენსტენის (Gravensteen), ვირტუალური სტუმრობა მოგინდათ, ამის გაკეთება შეგიძლიათ ქალაქის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით: http://www.visitgent.be/eCache/VGG/3/114.dmdfbGFuZz1FTg.html

მასალა მოამზადა სოფო გულიაშვილმა
eva.ge

Comments: