1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

მიშლენის რეიტინგი: მსოფლიოს საუკეთესო რესტორნები

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

მიშლენის რეიტინგი: მსოფლიოს საუკეთესო რესტორნები სპორტსმენისთვის ოლიმპიურ ”ოქროზე” დიდი ჯილდო არ არსებობს, მეცნიერისა და მწერლისთვის ”ნობელის” პრემიაა ფასდაუდებელი, მუსიკოსისთვის - ”გრემი”, მსახიობისა და რეჟისორისთვის სამართლიანად დამსახურებული ”ოსკარი”, ”პალმის რტო” თუ ”ოქროს დათვი”. თავიანთი ”ოსკარი” კულინარებსა და რესტორნებსაც აქვთ - ეს მიშლენის ვარსკვლავებია. ერთადერთი ვარკვლავის მიღებაც კი დიდი პატივია. სამზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!

მიშლენის რესტორნის კრიტიკოსები ნამდვილი საიდუმლო აგენტები არიან. პოპულარულ დაწესებულებებს ფარულად სტუმრობენ და საგანგებო შკალით აფასებენ. კრიტერიუმების ნუსხაში მხოლოდ სამზარეულოს ხარისხი კი არა, მომსახურების დონე, გარემო, ატმოსფერო და კომფორტი შედის.

მიშლენის კულინარული რეიტინგის ისტორია ძალიან საინტერესოა: თავდაპირველად კომპანიას კულინარიასთან და სარესტორნო ბიზნესთან საერთო არაფერი ჰქონდა. მიშლენის ოჯახი მეტალოკონსტრუქციების მწარმოებელ პატარა საამქროს ფლობდა. 1888 წლიდან ძმებმა ედუარდ და ანდრე მიშლენებმა ფსონი ველოსიპედების, შემდეგ კი მანქანის საბურავებს წარმოებაზე დადეს.

ფირმის დევიზად იმპერატორ ავგუსტუსის ანტონიუსსა და კლეოპატრაზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი ჰორაციუსის ლათინური ოდის დასაწყისი შეარჩიეს. ლათინური ფრაზა "Nunc est bibendum" ("ახლა უნდა დავლიოთ") თარგმნეს და განაცხადეს: ჩვენი საბურავები გზების უსწორმასწორობას ”სვამენო”. შეუკვეთეს ლოგოტიპი - კაცუნა, რომელიც ფრანგებმა ბიბენდუმად (სახელი ლათინურიდან ითარგმნება, როგორც "მოდი, დავლიოთ") ანუ ”გზის ლოთად” მონათლეს, საბურავებით აწყობილი თეთრი კაცია.

პროდუქციის გაყიდვა უფრო წარმატებული რომ გაეხადა, 1900 წლიდან ფირმამ ავტოტურიზმის მოყვარულებისთვის გზამკვლევების გამოცემა დაიწყო. რომელი ქალაქების ნახვა, რომელი ღირსშესანიშნაობების დათვალირება ღირდა, სად ჯობდა დასვენება, სად მიირთვა გემრიელი საჭმელი - გზამკვლევს პასუხი ყველა კითხვაზე ჰქონდა.

1906 წლიდან უფასო კატალოგი არცთუ იაფ გზამკვლევად იქცა, რომელშიც სკურპულოზურად იყო აღნიშნული ევროპის ყველაზე პრესტიჟული სასტუმროები და რესტორნები. წინასიტყვაობაში ანდრე მიშლენმა დაწერა: ეს წიგნი ახალი საუკუნის გარიჟრაჟზე გამოდის და მის დასასრულამდე იარსებებსო. მაგრამ ის შეცდა - კატალოგი დღესაც არსებობს.

1920-იან წლებში გზადშემხვედრი ყველაზე გამორჩეული რესტორნების ვარსკვლავებით აღნიშვნა დაიწყეს. 1930 წელს სამზარეულოს ხარისხიანობის მიმანიშნებელი სამი ვარსკვლავი გაჩნდა, ხოლო თვითონ კატალოგი წითელ სქელტანიან ტომად გადაიქცა. თავდაპირველად მასში მხოლოდ დასავლეთევროპული რესტორნები შევიდა, მაგრამ დროთა განმავლობაში სპექტრი გაფართოვდა - "ვარსკვლავური რესტორნები" ამჟამად ამერიკაშიცაა, არაბეთშიც, ავსტრალიაშიც და იაპონიაშიც. 2007 წელს ვასკვლავიანი დაწესებულებების რაოდენობით იაპონიამ საფრანგეთსაც კი გაუსწრო.

მიშლენის რეიტინგი

მაინც რითაა ასე განთქმული მიშლენის რეიტინგი? პირველ რიგში, ობიექტურობით და აბსოლუტური მოუსყიდავობით. მერესტორნეებმა და მზარეულებმა არასდროს იციან, რომელ დღეს მოვა ექსპერტი, რა ეცმევა და რას იკითხავს - ის მხოლოდ ანგარიშის გასწორების შემდეგ ამხელს თავის ვინაობას. მიშლენის მხოლოდ ერთი ვარსკვლავის მიღებაც კი რესტორნის ელიტარულობის, სტატუსისა და შემოსავლების უეცარ ზრდას ნიშნავს. სამ ვარსკვლავს მსოფლიო კულინარიის წინა ფლანგზე გაყავხარ. მხოლოდ წვრილმანზე ზრუნვაა საჭირო - გამარჯვებულის ალამი უნდა შეინარჩუნო. კრიტიკოსები რესტორნებს წელიწადში რამდენიმეჯერ სტუმრობენ იმაში დასარწმუნებლად, რომ უარესობისკენ არაფერი შეცვლილა.

მთელ მსოფლიოში დღეს მხოლოდ 72 რესტორანია, რომელიც 3 ვარსკვლავს ფლობს.

მსოფლიოს საუკეთესო მზარეულებად, მიშლენის ვერსიით, მიჩნეული არიან პოლ ბოკიუზი, ფერან ადრია, ალან დიუკასი, ჟორჟ ბლანი და პიერ განიერი.

მიშლენის ექსპერტებს ორი წლის მანძილზე ამზადებენ. კატალოგის 110-წლიანი არსებობის მანძილზე არ ყოფილა არც ერთი სკანდალის შემთხვევა, რომელიც რომელიმე კრიტიკოსის მიკერძოებულობას გამოავლენდა.

თავს პატივი დასდეთ
ალბათ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ვარსკვლავიანი რესტორნები სულაც არაა უძვირესი მსოფლიოში. თუ ასი წლის შამპანიურს ან ლუდოვიკო XIV-ისდროინდელ კონიაკს არ შეუკვეთთ, დაახლოებით 100 ევროდ ერთი ადამიანი მშვენივრად ისადილებს.

სად წავიდეთ?
პარიზში – სასტუმრო "ბრისტოლის" რესტორანი ფობურ სენ-ონორეს ქუჩაზე პარიზის VIII ოლქში (rue du Faubourg Saint-Honore). მიშლენის სამი ვარკვლავი.

ლონდონში – ესტუმრეთ ალან დიუკასს, სასტუმროსა და რესტორანში სახელწოდებით ”დორჩესტერი” პარკ-ლეინზე. ამ საოცრად ნიჭიერმა მზარეულმა სულ რაღაც 33 თვეში გახადა თავისიკ რესტორანი სამი ვრასკვლავის ღირსი.

მილანში – Da Vittorio - ოჯახური რესტორანი via Cantalupa-ზე, 17. იტალიური სამზარეულო მთელი თავისი ხიბლით და მიშლენის სამი ვარკვლავით.

ტოკიოში მიშლენმა 227 ვარსკვლავი დაარიგა - უფრო მეტი, ვიდრე ნიუ-იორკში, პარზში ან ლონდონში. აქ თავს გაანებოვრებთ რესტორნებში: "Hamadaya", "Kanda", "Koju". თუმცა მაგიდის დაჯავშნა ერთი თვით ადრე უნდა მოახერხოთ.

eva.ge
ს. გულიაშვილი 

Comments: