1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

საშობაო ნექტარი - გლინტვეინი

საშობაო ნექტარი - გლინტვეინიშობა-ახალ წელს ყველა ქვეყანაში თავისებურად ხვდებიან. ჩეხეთის, გერმანიის, ავსტრიისა და დიდი ბრიტანეთის ქუჩებში ამ პერიოდში საოცრად გემრიელი გლინტვეინით გიმასპინძლდებიან.

”სიხარულის ჯადოსნური ფეიერვერკი”

თვლიან, რომ გლინტვეინი პირველად სკანდინავიურ ქვეყნებში გაჩნდა. იქაური მაცხოვრებლები, სიცივისგან თავდაცვისას, ჩვეულებრივი ღვინის გათბობით ექსპერიმენტებს მიეჩვიენ. თუმცა ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ გლინტვეინის პირველსახე ძველ რომაელებთან უნდა ვეძებოთ, სწორედ მათ მოიფიქრეს სასმელში სხვადასხვა სანელებლის დამატება. მართალია, ეს გემოს მიღების კი არა ვარგისიანიობის ვადის გასაზრდელად ხდებოდა.

ღვინოში მიხაკის, დარიჩინის, დაფნის ფოთლისა და ქინძის დამატების პროცესი დაწვრილებითაა აღწერილი გურმან აპიციუსის ძველრომაულ რეცეპტების წიგნში.

რადგან სანელებლები იმ დროს საოცრად ძვირად ფასობდა, საოცარი სასმელის დაგემოვნების შანსიც ძალიან მცირე იყო. მეთექვსმეტე საუკუნისთვის სიტუაცია ძირფესვიანად შეიცვალა: პრობლემა სანელებელი კი არა, ღვინო გახდა.

მეღვინეები დიდხანს არჩევდნენ კლასიკური გლინტვეინისთვის ყველაზე შესაფერის სახეობას, სანამ ინგლისელმა რობერტ მეიმ ამ სასმელის საკუთარი რეცეპტი არ გამოაქვეყნა. ამ რეცეპტში წითელი ღვინო იყო გამოყენებული. იმ დროიდან გლინტვეინის თაყვანისმცემლები მხოლოდ ინგლისში კი არ გაჩდნენ, “გლინტვეინზე” მეგობრების მიპატიჟება ევროპის სხვა ქვეყნებშიც მოდური გახდა.

და მაინც, გლინტვეინის მიმართ სიყვარულის “ოფიციალურ აღიარებად” ვოლტერის ცნობილი სიტყვები ითვლება: ”გლინტვეინის სიტკბო და ძალა აღორძინებს ადამიანს.. ღვინო ტვინის ყველა ნაოჭს ავსებს და სულის სიღრმეში გონებამახვილობისა და სიხარულის ჯადოსნურ ფეიერვერკს ანთებსო”.

”ღვინის აალებული კოცონი”

სასმელის უბრალოების მიუხედავად, ”ღვთაებრივი ნექტარის” პირველსავე ცდაზე კარგად მომზადება ყველას როდი შეუძლია. მით უფრო მაშინ, როცა მისი რეცეპტურის ფაქიზი წვრილმანების არაფერი გესმის.

ბევრს მისი სახელწოდებაც აბნევს, რომელიც გერმანულის კალკიდან მოდის: «gluhunde Wein» - ”ალმოდებული ღვინო”. თითქოსდა არაფერია იმაზე მარტივი, ღვინო ცეცხლზე დადო, სანელებლები დაამატო და დაელოდო, როდის ადუღდება. მაგრამ ასეთი მეთოდი ღვინის გაფუჭების ყველაზე მარტივი გზა. დაიმახსოვრეთ:

  • სანელებელი ღვინოში კი არა, წინასწარ ადუღებულ წყალში უნდა გაიხსნას და ღვინის გემო არ უნდა შელახოს.
  • სანელებლები დაფქული არ უნდა იყოს, სხვაგვარად სასმელი მღვრიე იქნება.
  • ღვინოს წყალში ამატებენ და არა პირიქით (ჩვეულებრივ ეს წითელი მშრალი ღვინოებია, მაგალითად ხვანჭკარა, ქინძმარაული, კაგორი, კაბერნე).

გლინტვეინის კლასიკურ რეცეპტში შედის შაქარი, რომელსაც ბევრი ესთეტი თაფლით ცვლის და თვლიან, რომ ის ღვინოს უფრო რბილსა და გემრიელს ხდის. ზოგ შემთხვევაში გლინტვეინს უმატებენ ლიმონის ცედრას, რომს, კონიაკს, ლიქიორს, მაგრამ ისეთი რაოდენობით, რომ ღვინის გემო კარდინალურად კი არ შეიცვალოს, არამედ ახალი ელფერით გამდიდრდეს.

გლინტვეინი არასდროს მიჰყავთ ადუღებამდე: ტემპერატურა ისეთი უნდა იყოს, დალევისას რომ არ დაიწვათ.

  ზოგ ქვეყანაში, მაგალითად გერმანიაში, გლინტვეინს თიხის ჭურჭლით მიირთმევენ და მასში ამატებენ ხილის ნაჭერს. ბოკალებითაც მოგართმევენ, მათში ღვინო გაციებას ვერ ასწრებს. მაგრამ თუ ამ სასმელის დაგემოვნებას საშობაოდ ევროპის რომელიმე ქალაქის ქუჩაში მოინდომებთ, ალბათ ჩვეულებრივი პლასტიკური ჭიქით მოგაწვდიან, თუმცა მისი გემოს შეგრძნებაში არც ეს შეგიშლით ხელს.

Comments:

GGG Studi@