1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

გარდატეხის ასაკის ხათაბალაში (შვილები, მშობლები)

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

გარდატეხის ასაკის ხათაბალაში (შვილები, მშობლები)ის იზრდება, იზრდება და რთულდება მისი პრობლემებიც. გარდატეხის ასაკის პრობლემა ბევრ მშობელს ფანტაზიის ნაყოფი, ან თითიდან გამოწოვილი ჰგონია, სანამ თავად არ დადგება უცნაური ცვლილებების პირისპირ.

საყვარელი, დამჯერე, მშვიდი, თავაზიანი შვილი, რომელთანაც  ზედმეტი საზრუნავი და საფიქრალი არასდროს ჰქონია, უცებ აგრესიული და სრულიად უმართავი ხდება. ან პირიქით – გახსნილი, მხიარული ხასიათის გოგონა უცებ გულჩათხრობილი, მორცხვი, ეჭვიანია და არავის ენდობა.

რა უნდა ქნან მშობლებმა, როცა არ არსებობს იმის საშუალება, მოზარდის ყოველ ნაბიჯს კვალში ჩაუდგე, აკრძალვებსა და სასჯელებს ძალა დაუკარგავთ და მხოლოდ ნეგატიურ შედეგს გაძლევენ?

ამ ასაკში გოგონები საკუთარი "არასრულყოფილების" გამო იტანჯებიან. კითხვები – ყველაზე ცუდად ვიცვამ, რატომ არ მიმართლებს ბიჭებთან, მსუქანი ვარ, ლამაზი არ ვარ –  სერიოზულად აწუხებს მათ და ამიტომ მშობლებიც, პირველ რიგში კი დედა, მთელი სერიოზულობითა და გაგებით უნდა მოეკიდონ მის საფიქრალს.

თუ ზურგს აქცევთ, ან მოიშორებთ სიტყვებით: მშვენიერი წონა გაქვს, ნორმალურად გაცვია და ბიჭებზე ფიქრი ადრეაო, ქალიშვილი აუცილებლად ჩაიკეტება, შენიშვნები კი მხოლოდ გააღიზიანებს.

როგორ უნდა მოიქცეთ? მასთან გულითადი საუბარი სულაც არ არის ისეთი რთული, როგორც ჩანს. აჩვენეთ თქვენი ახალგაზრდობის სურათები, აუხსენით, რომ ასაკთან ერთად შეიცვლება, უფრო მოხდენილი გახდება, რომ ეს ცვლილებები დროებითია, რომ ყველაფერი ზუსტად ისეთ ფორმას მიიღებს, როგორიც ახლა სანატრელი და მიუღწეველი ეჩვენება. 

იქნებ ექიმთან წასვლაც ღირს, რომ ამ ასაკისთვის ნორმალურ წონაზე უამბოს. მოდური ვარცხნილობისთვის სტილისტთან ვიზიტიც შესთავაზეთ. ეს ყველაფერი ნდობას და მადლიერებას გააღვიძებს მასში.

არც ის დაგავიწყდეთ, რომ ამ ასაკში გოგონებს პირველად უყვარდებათ.  ნუ გაოცდებით, როცა ეს მოხდება. და აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ პირველი სიყვარული იმდენად მნიშვნელოვანი და სერიოზული განცდებითაა სავსე, რომ შეყვარებულ გოგონას, სწავლის ჩათვლით, ყველაფერი ავიწყდება.

ესაუბრეთ, მაგრამ სულში ნუ ჩაიძვრებით, ნუ გააწამებთ ზედმეტი კითხვებით და ჩაძიებით. თვითონაც მოინდომებს დარდის თუ სიხარულის გაზიარებას და როცა ეს მოხდება, არავითარ შემთხვევაში მისი სიყვარულის ობიექტს და თვითონ გრძნობას არ დასცინოთ. ეს ნდობით გამსჭვალავს თქვენს შვილს.

რა თქმა უნდა, დრო ყველაფერს უშველის, მაგრამ მშობელზეა დამოკიდებული, გარდატეხის ასაკის ჭრილობა გოგონას სულში დარჩება, თუ – არა.

თუ დაბადების დღისთვის საჩუქარი უნდა აურჩიოს, თქვენც დაეხმარეთ; ერთად მოიფიქრეთ, რა უნდა ჩაიცვას, რომ იმ ბიჭს მოეწონოს. იყავით მისი გამოცდილი და გონიერი თანამზრახველი.

ერთი სიტყვით, ქალიშვილისთვის დაქალი უნდა გახდეთ, მხოლოდ ასე შეძლებთ მის დახმარებას.

დაეხმარებით  იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის სიყვარულს არ გაიზიარებენ, დაიცავთ არასწორი ნაბიჯებისგან, მოვლენების ეპიცენტრში იგრძნობთ თავს, არ გაირიყებით და ტყუილ-უბრალო ეჭვებით და ნერვიულობით თავს არ დაიტანჯავთ.

თუ ასე მოხდა, გარდატეხა თქვენთვისაც და თქვენი შვილისთვისაც მსუბუქად ჩაივლის და სამუდამო დაღს არ დაასვამს "პატარა" ადამიანს.

მთავარია: მოზარდ-გოგონას გარდატეხის ასაკის კომპლექსებთან გამკლავებაში და ინდივიდუალობის შენარჩუნებაში დაეხმაროთ, დაიცვათ შეცდომებისგან და ამასთან არ დაკარგოთ ნდობა. დედის გული არ მოტყუვდება – თუ თქვენი შვილი გიყვართ და პატივს სცემთ, ყველაფერი გამოგივათ.

მასალა მოამზადა სოფო გულიაშვილმა

Comments: