1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

როცა მამა სვამს

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

როცა მამა სვამსმსმელი ქმრების გვერდით ცოლები წლობით იტანჯებიან. მაგრამ რაღაც პირადი მიზეზების გამო ითმენენ. თან ჯიუტად მუდმივად ცდილობენ, დაიხსნან მეუღლე დამღუპველი დამოკიდებულებისგან. გადის წლები, არაფერი იცვლება. ქალები ერთი შეტევიდან მეორემდე ცხოვრობენ, წვალობენ, მაგრამ ისევ ითმენენ. ამართლებენ კიდეც ქმარს და საკუთარ მოთმინებასაც. მაგრამ ბავშვების ტანჯვას ვინ გაზომავს?

იმ ბავშვების ფსიქიკაზე, რომლებიც ასეთ ოჯახში ცხოვრობენ და მის ატმოსფეროზე არიან დამოკიდებული, ასეთი ყოფა სავალალო ანაბეჭდს ტოვებს.

იმისთვის, რომ შემაშფოთებელ სინამდვილეს გაექცეს, ბავშვი ცდილობს, მიესადაგოს, მიეჩვიოს და ამისთვის ქცევის ისეთ ტიპს ირჩევს, რომელიც უფრო შესაფერისად ეჩვენება. როგორ აღიბეჭდება ეს არაბუნებრივი დაძაბული მდგომარეობა მის მომავალზე, არავინ იცის, მაგრამ ანაბეჭდი რომ ავი იქნება, ეჭვი არაა.

როგორ იქცევიან ასეთ ოჯახში ბავშვები? არსებობს ქცევის რამდენიმე ტიპი. ზოგი ბავშვი, გრძნობს რა, როგორ უჭირს დედას, ცდილობს, მისი ხვედრი შეამსუბუქოს. ასეთი ბავშვი საჭმელსაც თვითონ გაიკეთებს, მთვრალ მამასაც მოიყვანს სახლში და დააწვენს, სკოლაშიც კარგად სწავლობს, რომ დედას ასიამოვნოს.

და აი, დედამ უკვე ამოისუნქა, ფიქრობს, რომ შვილი მსმელი მამის გავლენისგან დაიცვა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. თავად განსაჯეთ - ბავშვს ნორმალური ბავშვობა არ აქვს, სულ იმაზე ფიქრობს, როგორ ასიამოვნოს დედას, როგორ შეუმსუბუქოს ცხოვრება, რომ დედამ არ იტიროს. და ეს მუდმივი დაძაბულობა – ზედმეტად დიდი დატვირთვაა სუსტი ბავშვური ფსიქიკისთვის.

არცთუ იშვიათად, ბავშვებს ეზიზღებათ მამა, რომელმაც ადამიანური სახე დაკარგა; დედაც, რომელიც ასეთ მდგომარეობას ითმენს და თავს იმცირებს. დედისგან მალულად ასეთი ბავშვები მამის ჯიბიდან ამოიღებენ სასმელისგან გადარჩენილ ფულს და დახარჯავენ. მამას დააბრალებენ, თუ რამე გატყდა და გაფუჭდა. ვაჟიშვილები ასეთ ოჯახებში და ზრდასრულ ასაკშიც ვერ ხვდებიან, რა არის ნორმალური ოჯახი, კეთილდღეობა, სიხარული. ხოლო გოგონები მამაკაცების მიმართ უნდობლობითა და ზედაპირული დამოკიდებულებით იზრდებიან. სულის სიღრმეში ეშინიათ და ღრმა ანტიპათიას გრძნობენ მათ მიმართ. 

ხანდახან დედას უხარია, რომ, როცა ქმარი მთვრალი ბრუნდება, ბავშვი არსად ჩანს. თვითონ ჭამს, თავისთვის თამაშობს, მეცადინეობს, იძინებს. სინამდვილეში ასეთი ”უხილავი ბავშვი” უბედურია. გარესამყაროს უფრთხის, ეს კი პირდაპირი გზაა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისკენ.

ზოგი ბავშვი მთვრალი მშობლის მთელ აგრესიას საკუთარ თავზე იღებს. თანაც, პატარა მშობლის მრისხანებას იწვევს საგანგებოდ, რომ დანარჩენები დაიცვას. მაგრამ ფსიქიკისთვის მიყენებული მძიმე ტრავმების გარეშე ასეთი ფსიქოლოგიური ტვირთვის ზიდვა ბავშვს არ შეუძლია.

როცა ქალი ქმრის ლოთობას ეგუება, ის აუცილებლად უნდა ფიქრობდეს იმაზე, როგორი გაიზრდებიან ამ გარემოში შვილები, რას წაიღებენ ბავშვობიდან? ძალიან ხშირად ალკოჰოლიკის ოჯახში მომავალი ალკოჰოლიკი იზრდება. ამიტომ ქალს უნდა ახსოვდეს, რომ დედის ვალი პირველ რიგში - ბავშვის ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. მხოლოდ მას შეუძლია საკუთარი ცხოვრების შეცვლა და ბავშვისთვის ბავშვობის დაბრუნება...

მასალა მოამზადა ს. გულიაშვილმა
eva.ge

Comments: