1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ატავიზმად ქცეული უბიწობის საუკუნეში... სისხლი ღაღადებს

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

ატავიზმად ქცეული უბიწობის საუკუნეში... სისხლი ღაღადებსაბორტების წინააღმდეგ - არქიმანდრიტ რაფაელის წერილების მიხედვით

განსხვავებული ხასიათები აქვთ ადამიანებს, სხვადასხვანაირი გემოვნება, მოთხოვნილებები და შეხედულებები, მაგრამ ერთს ყველა დაეძებს - სიყვარული ყველას აკლია, ყველას სჭირდება, 

მკვლელსაც კი. უცნაური გრძნობაა სიყვარული, საოცრად ათბობს სულს. ღმრთაებრივი სიყვარულის ჩრდილი და ანარეკლი, თუ შეიძლება ითქვას, ქრისტიანულ, სახარებისეულ პრინციპებზე აგებულ ოჯახში იბადება და ღვივდება. ასეთ კერას ცოლ-ქმრის სიყვარული ათბობს, მათ სიყვარულს კი, თავის მხრივ, ცოცხალი ღვთის რწმენა ედება ქვაკუთხედად; ამგვარი ოჯახები ერთგვარ ოაზისებსაც კი წააგავს იმ მკვდარ უდაბნოში, რომელსაც ცივილიზაციის გვალვამ გადაუარა და თუ ეკლესია ცეცხლის სვეტია, ოჯახი პატარა სანთელია, იმ დიდი ცეცხლიდან ანთებული.

* * *

ატავიზმად ქცეული უბიწობის საუკუნეში... სისხლი ღაღადებსბევრი ქარ-ცეცხლი დატრიალებულა ქართულ მიწაზე, მაგრამ იმ შავ დღეებს, თემურ-ლენგმა რომ გაუთენა ერს, ცოტა რამ თუ გაუტლოდება საქართველოს ისტორიაში. შვიდჯერ დალაშქრა მან ქართლ-კახეთი, ცეცხლის ქარბუქი დააყენა ქართულ მიწაზე. გადმოცემაც კი არსებობს საქართველოში თემურ-ლენგის შესახებ: თითქოს მგლის ღრჯოლებითა და ჭაღარა თმით დაბადებულა, სისხლს ადენდა დედამისს მკერდიდან, კამეჩის რძეს სვამდა.

გახსოვთ, ალბათ, სვიმონ მეფეზე განრისხებულმა თემურ-ლენგმა რა ჩაიდინა თბილისში: ყველა ასაკის ბავშვი ერთად მოაგროვა, ძნის კონებივით შეაკვრევინა, ქვებითა და კეტებით დააჩეჩქვინა თავის ჯალათებს პატარები, სისხლის მდინარეები ადინა... იქვე გვერდზე კარავი გააშლევინა და თავის რჩეულებთან ერთად ლხინი გამართა. იმ ადგილას, სადაც ეს საშინელება მოხდა, ქედისუბნის ეკლესია ააგეს. შემდეგ ეს ეკლესია მიწაში ჩამარხეს და ზემოდან კინოთეატრი „რუსთაველი“ დაადგეს. მაგრამ ყველაზე საშინელი მაინც ისაა, რომ თემურ-ლენგის საქმე დღესაც არ ჩაბარებია ისტორიას. მის „წამოწყებას“ ქართველმა დედებმა მისცეს მხარი და განუკითხავად იღვრება უმწეო არსებების სისხლი. ამ „პარალელსა“ თუ შედარებას ნუ მიიღებთ შთაბეჭდილების გასაძლიერებლად შექმნილ ხელოვნურ პასაჟად, აქ არაფერია ჰიპერბოლიზებული. რაც სინამდვილეში ხდება, ის მართლაც მეტია ნათქვამზე; ან კი რა უნდა თქვა მეტი...

სამედიცინო დაწესებულებებში 7-8 მილიონი აბორტია რეგისტრირებული. მალულ-ფარული აბორტების რაოდენობისა კი ვინ რა გაიგოს?! საგულისხმო ფაქტია: ხომ უამრავი სიცოცხლე წაიღო მეორე მსოფლიო ომმა, მაგრამ იმავე პერიოდში აბორტების საშუალო რაოდენობამ ფრონტზე დაღუპულთა რიცხვს გადააჭარბა...

ორსაფეხურიანი სამზადისი
ყველანაირი ცოდვა პირველად ადამიანის შიგნით მზადდება. დედამ რომ შვილის მოკვლა შეძლოს, ჯერ ის ბუნებრივი სიყვარული უნდა გაანადგუროს თავის თავში, რომელიც საკუთარ ჩვილთან, მისდაუნებურად, აკავშირებს. ასეთ მომენტში იგი უკვე უარს ამბობს ქრისტეზე, სცოდავს, რადგან: „სიყვარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი. რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარული არს“ (I იოანე 4, 7-8). შემდეგ იგი ცდილობს მთლიანად დათრგუნოს დედობრივი ინსტიქტი, მხეცზე საშინელ არსებად იქცეს (თუმცა, ცხოველი ხშირად თავის შვილის სიცოცხელს ეწირება კიდეც). მერე ნელ-ნელა გაუცხოვდება შვილის მიმართ, შემდეგ შინაგან, კატეგორიულ უარს იტყვის მის აღიარებაზე და არაბუნებრივს დაიჩემებს: იმას, ვინაც მის წიაღში მისივე სისხლით იკვებება, უცხო სხეულად, სიმსივნედ გამოაცხადებს, რომლის არმოკვეთასაც დაუშვებლად მიიჩნევს. ყოველივე ამის მერე ადვილად ჩაიხშობს სინდისის ხმას და შვილის ფიზიკური განადგურებისათვის, შიგნით, ყველაფერი მზად ექნება: საკუთარი პირმშო გულიდან, ფიქრიდან და აზრიდან სრულიად ამოგდებული ეყოლება. ამ ყველაფერს კი თურმე გრძნობს დედის წიაღში მოქცეული პატარა, რომელიც ორგანულადაა დაკავშირებული დედასთან, გრძნობს ინსტიქტურად, რადგან იგი ხორცის ნაგლეჯი როდია, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ გონიერი არსებაა, ტკივილის გრძნობაც გააჩნია და სიცოცხლის სურვილიც. მისი არასრულყოფილების მიზეზი ისაა, რომ მას არ აცლიან ჩამოყალიბებასა და ადამიანად ქცევას. აკი ექსპერიმენტებმაც ცხადყო, რომ ნაყოფს ურთულესი რეაქციების უნარი შესწევს, ასე რომ, ფიზიკურ სიკვდილამდე და წამებამდე მშობლის წიაღში მოქცეული ჩვილი უკვე განიცდის დედის განაჩენის ულმობელობას, სიკვდილის საშინელებას.

ჰერცოგი ჟიულ დერეს ამბავი

თავის დროზე ჟანა დ’არკის უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი, ჰერცოგი ჟიულ დერეც მიეყიდა ეშმაკს, მასაც თავისი „გამართლება“ ჰქონდა: ბრწყინვალე ოჯახის შვილსა და ჩინებული განათლების, ზღაპრული სიმდიდრის პატრონს, რომლის კარ-მიდამო, არნახული სასახლეები და აგარაკები ღია იყო საფრანგეთის უსაჩინოესი საზოგადოებისთვის, სადაც ლხინსა და წვეულებებს ზღვარი არ ჰქონდა, დრო მოვიდა და დაუდნა ქონება, შემოაკლდა ფული. მიჩვეულ სიამეებზე ვერ თქვა უარი; მალე ჯადოქარ ალქიმიკოსს გადაეყარა, რომელმაც გამდიდრება აღუთქვა: ადამიანის სისხლით ოქროს მიღების საიდუმლო ვიცი და გაგიმხელო, დაპირდა, მაგრამ პირობა წაუყენა: ეშმაკს უნდა მიჰყიდო სული, სხვანაირად არ იქნება, ოქროს ისე ვერ მივიღებთო. დაყაბულდა დერე: ათი წლის ბავშვი მოიტაცეს უახლოეს სოფელში, მარჯვენა ხელი მოსჭრეს, დასთხარეს თვალები, მფეთქავი გული ამოგლიჯეს მკერდიდან. იმ გულის სისხლით პირობა დაუწერა სატანას: სულს გაძლევო. მერე ჯადოქართან ერთად ჰიმნი უმღერა ეშმაკს. ცოლ-შვილი მოიძულა, გადაკარგა სასახლიდან და მაგიურ ჩვევებს ჩაუღრმავდა. ახლომახლო სოფლებში ჯერ ერთი ბავშვი დაიკარგა, მერე ორი, თანდათან გახშირდა ბავშვების უგზო-უკვლოდ გაქრობის შემთხვევები. აწრიალდნენ სოფლელები, დედების ინტუიციას არაფერი დაემალა: ეჭვი ჰერცოგის გაუკაცრიელებულ კოშკზე მიიტანეს... ეპისკოპოსმა თავისთან იხმო ჰერცოგი, დერე არ მივიდა... მერე მეფის ჯარმა ბრძოლით აიღო სასახლე. შეიპყრეს ჰერცოგი და ჯადოქარიც. ამ საქმეს საგანგებოდ იძიებდა სასამართლო, გაირკვა: ჰერცოგისა და მისი ალქიმიკოსის „ცდებს“ 700-800 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა! საქმესთან დაკავშირებული მრავალი საბუთი და ოქმი დღემდე ინახება საფრანგეთის არქივებში.

ჟიულ დერეს ამბავი მითი და ლეგენდა როდია, ჩვენდა საუბედუროდ, არამედ ნამდვილი, ისტორიულად არსებული ფაქტია, მხილებაა ჩვენი ულმობელობისა, რომელმაც მომავალში თავისი გაგრძელება ჰპოვა, „დაიხვეწა“ აბორტების სახით: ჩვილთა კვლა დღეს ჩვეულებად, ნორმადაა გამოცხადებული, აღარაა დანაშაული.

ის ამბავი XV საუკუნეში ხდებოდა, ეს ამბავი XX-ში ხდება. იქ ჰერცოგი სხვის შვილებს იპარავდა და ჰკლავდა, ჩვენ საკუთარ შვილებს ვხოცავთ. ბოროტმოქმედებას კი, მაშინაც და ახლაც ერთი, მიწიერი კეთილდღეობის მიზნით ჩადიოდნენ და ჩადიან. ჰერცოგს კოცონზე დაწვა მიუსაჯეს. სიკვდილის წინ, აგიზგიზებული ცეცხლის პირას მდგარი დერე, მთელი გულით, ცრემლით ევედრებოდა იმ დედებს, შვილები რომ მოუკლა - პატიებას, შენდობას... მიხვდა თავისი დანაშაულის სიღრმესა და სიმძიმეს. ალქიმიკოსი კი დასცინოდა მონანულ ჰერცოგს, სიკვდილს ღმრთისაგან მოკვეთილი შეხვდა. დღეს, დედების ნაწილი მაინც ალბათ დარდობს თავის გადაგვარებას, ნამოქმედარის საშინელებას, ჟიულ დერეს დარად, მაგრამ უამრავი, იმ ალქიმიკოსივით გულგამეხებული და გაკერპებული, მოუნანიებელი უხვდება სიკვდილს, ესაა უბედურება.

უწინ ჯალათს კაცად არავინ თვლიდა, ან სალამს ვინ მისცემდა, ან პურს ვინ გატეხდა მასთან?! ჩვენი დროის ჯალათებს, საკუთარი შვილების მკვლელებსა და თეთრ ხალათებში გამოწყობილ განგსტერებს კი ვინ შეკადრებს აუგს? 
სასიხარულოა ის ფაქტი, თანამედროვე მედიცინის ყველაზე უფრო ზნეობრივად გამართულმა ნაწილმა რომ აბორტი საშინელ ბოროტმოქმედებად აღიარა.

თავად ცოლ-ქმრის ურთიერთობაც, როდესაც მეუღლეები ხელოვნურად, წინასწარვე იცავენ თავს ბავშვის გაჩენისაგან, გადაიქცევა ხოლმე უსულგულო ონანიზმად. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებით გართული ადამიანი ალბათ საქმის გაიოლების მიზნით, საკუთარ პარტნიორსაც ადვილად გაცვლის რეზინის სათამაშოში; ასე მოშლის სექსი სიყვარულს, გამოაცლის მას მისტიურ დანიშნულებას და ბავშვის გაჩენის „საშიშროების“ აცილება უკვე იმის ნიშანი იქნება, რომ ჩვენ მსახურებად ვექეცით სექსს, კერპად დავადგინეთ იგი. „ოჯახის სარეგულირებლად“ გაწეული ყველა მცდელობის შინაარსი მრუშობის წარმატებით წარმართვის სურვილია, მაგრამ თუ ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, დედები საკუთარ შვილებს, ყველას რომ ერგება, იმ საფარველს - მიწასაც არ მიაყრიან, საკანალიზაციო მილებს გაატანენ.

საოცარი ფაქტია, ექიმი მომავალ დედას ურჩევს: მოკალი შენი სნეული შვილი! განა სიცოცხლის უფლება მხოლოდ ჯანმრთელებს აქვთ, ნუთუ ქალი, უკაცრავად გამოთქმაზე და, პირუტყვია სანაშენე, რომელსაც მხოლოდ მუხლმაგარი შთამომავლობის გაჩენის უფლება აქვს?! თუკი ასეა, რატომ არ დავერევით ყველა ასაკის ჰემოფილიით დაავადებულს ან საერთოდ ყველა ასაკის სნეულს? და თუ ხსენებული სნეულების მკურნალობა ასე ვნებს საზოგადოების ჯიბეს, რომლის გაფრთხილებაც თურმე ჩვილთა სიცოცხლის ფასად გვმართებს, ნურც ჰიტლერსა და ნაცისტებს გაამტყუნებს ვინმე. ისინიც ამ მიზნით ხოცავდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მოთავსებულ სულით ავადმყოფებს, მოსულა ჰიტლერის გამართლების დრო, რაღას ვუცდით? ოღონდ ერთი ნუ დაგვავიწყდება, რომ ხშირად სნეულებით გატანჯული ხალხი საოცრად გონიერი აღმოჩნდება ხოლმე. სწორედ ეს დაავადება ხდება მიზეზი იმისა, რომ ისინი მთლიანად ახერხებენ საკუთარი ტალანტის, მონაცემების გაშლას. გაიხსენეთ ჰომეროსი, მილტონი...

ატავიზმად ქცეული უბიწობის საუკუნეში

... კაცობრიობის ისტორიის ალიონზე საშინელი რამ მოხდა: კაენმა თავისი ძმა, აბელი მოჰკლა. ამქვეყნის აღსასრულის ჟამს კი ყოველგვარ ზღვარს გადაცდება უღმერთოება, ძმათაკვლა, გამეფდება ულმობელობა, სისასტიკე და სიცრუე, სინანული არავის მოაგონდება.

ხომ ბევრი ეკლესია გაიხსნა ამ ბოლო დროს, ახლებიც შენდება, ძველებიც განახლდა, იმატა მრევლმა. და მიუხედავად ამისა, აბორტების სტატისტიკური მრუდი არ ეცემა. პარადოქსია? იქნებ მოქმედი ეკლესიების რიცხვი და მრევლის რაოდენობა მხოლოდ მშრალი მონაცემები, გარეგნული ორიენტირია და არსებითზე და მანუგეშებელზე არ მეტყველებს. დაიხიეს ბნელეთის ძალებმა, აღარ ებრძვიან ქრისტიანობას? იქნებ დაიხიეს კიდეც, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სტრატეგიულად მომგებიან პოზიციებზე გამაგრდნენ.

ეკლესია ის გარემოა, სადაც კაცმა ღმერთთან კავშირი უნდა ეძებოს და იპოვოს. და როცა ეკლესიას ეცლება ეს შინაარსი, უთვალავიც რომ იყოს მისი რიცხვი - საფლავის ქვებისაგან თითოეულ მათგანს არაფერი განასხვავებს. კი, იხსნება ეკლესიები, მაგრამ უფრო მეტი ინტენსიურობითა და ენერგიულობით იბეჭდება სექსუალური ლიტერატურა, პორნოგრაფიული ჟურნალ-გაზეთები, ვრცელდება უხამსი კინო და ვიდეოფილმები, ნაირნაირი სულიერი შხამით იწამლება მომავალი თაობები: ბავშვები იმ მოხუცებს გვანან, გახრწნილების ყველა სახე რომ იგემეს, მოხუცები კი ყმაწვილებად იქცნენ, დაავიწყეს ასაკი. ადამიანების ცინიზმისა და უზნეობის ისეთ ატმოსფეროში ცხოვრობენ, სადაც უბიწობა ატავიზმადაა გამოცხადებული. უხამსობა ზეიმობს. უზნეობის შხამით დაგესლილი ადამიანი ცოცხალ-მკვდარი მოდის ეკლესიაში... ნატიფი უხამსობის ჭაობში მოქცეული ადამიანების სულ მცირე ნაწილს თუ ეგულება ეკლესია სულის მოსათქმელ, სამკურნალო ალაგად... სატანა შემთხვევით როდი ხრწნიდა კაცის შინაგან ტაძარს, იცოდა თავისი საქმე, ადამიანისთვის მთავარი - სინანული - უნდა წაერთმია.

ჩვენი სულიერი ყოფა სულ უფრო და უფრო ემსგავსება კაცობრიობის სულიერ მდგომარეობას წარღვნამდე. ვინ იცის, იქნებ ის, რაც ჩვენს თავს ხდება, არაა შემთხვევითი... ვინ იცის?!.

ქ. თესალონიკე, 1995 წ.

Comments:

GGG Studi@