1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

მოდა

ამპარტავნების საზომი გენეტიკურ კოდში დევს - ქართველები რეკორდსმენები ვართ

ნინო ლეჟავასულ რაღაც ორი წლის წინ ერთი კვირით ტოკიოში ვიმოგზაურე. შეიძლება გაგიკვირდეთ და ყველაზე მეტად იქაური სიმშვიდე მომეწონა, რომელიც დამჯერეთ ქართული რეალობის შემდეგ ყველანაირ მედიკამენტზე ეფექტური გამოდგა. თუ რატომ, გეტყვით, რომ უბრალოდ დავიღალე... დავიღალე ჩვენებური ზედმეტი თვისებებისგან. თბილისში ხომ ყველაფერი გადამეტებულად ვიცით. გაბუქული ჭორაობა, ერთმანეთის დაცინვა ვიცნობთ თუ არა მათ ვიზეც ვსაუბრობთ,  პირადი ცხოვრების განხილვა, შური, ბოღმა და რა რჩება? შეიძლება გაგიჟდე. ალბათ ჭორაობაში ნობელის პრემია რომ არსებობდეს, უეჭველად ქართველები მივიღებდით. 

იაპონიაში მეტროშიც კი გაოცებული დავრჩი. მიკვირდა, თუ რატომ არ მათვალიერებდა წინ მჯდომი მგზავრი შემფასებლური თვალებით. ჩვენთან ხომ ეს ჩეულებრივია, როცა საკმაოდ კარგად ჩაცმული ქალბატონი ან გოგონა ფეხებიდან ზევით გსწავლობს, თითქოს მისი ოჯახის წევრი უნდა გახდე. რომ ვიკითხე, მითხრეს, რომ ასეთი მზერა შეურცხმყოფელია და ამიტომაც არ არის მიღებულიო.

მეტროპოლიტენი ვახსენე და მახსოვს ჩემს ერთ მეგობარს რცხვენოდა მეტროთი მგზავრობა. ეს რომ უცხოელს უთხრა, ალბათ, ვერ გაიგებს რატომ... იმასაც ვერ გაიგებს, რომ შეიძლება ყოველდღე აუზზე იარო და წყალში არ ჩახვიდე. ეს ხომ მხოლოდ თბილისში ხდება... სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს...

იაპონიაში მაღაზიიდან გამოსვლა არ გეთაკილება თუ არ ,,იშოპინგებ,, აქ კი კონსულტანტი ისეთი მზერით გიყურებს, რომ თავი დამნაშავე გგონია, ოღონდ თვითონაც არ იცი, რატომ...  ამას წინათ გიორგობა იყო და ჩემი მეუღლისთვის საჩუქრის ყიდვას ვაპირებდი. მინდოდა, ისეთი რამ შემერჩია, რომელიც გამოადგებოდა. ვიცოდი, რომ ერთ-ერთი ჰიგიენის საშუალება უთავდებოდა და მელიქიშვილის ქუჩაზე ,,voulez-vous’’  მივაკითხე. დილა იყო და აქვე სახლთან სპორტულებით გადავირბინე. კონსულტანტმა არც მაცადა არჩევანის გაკეთება და პირდაპირ საკმაოდ იაფ მწარმოებელზე მიმანიშნა, რომ მათ მაღაზიაში ამ ფირმის ნაწარმი არ იყიდებოდა. გავოცდი, რადგან მან ჩაცმულობის მიხედვით იმკითხავა, თუ რომელი ნაწარმი შეიძლება შემეძინა. ვიყიდე საკმაოდ ძვირადღირებული ბრენდის კოსმეტიკა, რომელსაც ვგეგმავდი. კარგი იქნება, თუ თბილისის ასეთი დონის მაღაზიებში პროფესიონალი და კეთილგანწყობილი გამყიდველები იმუშავებენ, რადგან, ალბათ დამეთანხმებით, ჩვენს ისედაც დაძაბულ გარემოში გინდა, რომ შოპინგის დროს მაინც ვიღაცამ გაგიღიმოს.

ამასწინათ ნანუკა ჟორჯოლიანთან ინტერვიუს ვუსმინე. ერთი საოცარი რამ თქვა. იმ ადამიანების მშურს, ვისაც სიკეთის კეთება შეუძლიათო. მეც მშურს, რადგან დღეს სიკეთეს ძალიან ცოტა აკეთებს და იმასაც სულ ეჭვის თვალით უყურებენ, თუ რატომო...

ბევრს ვფიქრობ, ბევრს ვოცნებობ და კიდევ ბევრი მექნება საფიქრალი. დღეს კი უბრალოდ მინდა, ვიყოთ ბუნებრივები. თუმცა ეს არარეალურია...

ნინო ლეჟავა

Comments: