1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

გალამაზების 7 საშუალება, რომელთა გამოყენებაც არ შეიძლება!

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

გალამაზების 7 საშუალება, რომელთა გამოყენებაც არ შეიძლება!გინატრია როდესმე, მეცნიერი ყოფილიყავი? წარმოიდგინე: შენ, თეთრი ხალათით, საკუთარ ლაბორატორიაში ახალ პრეპარატს ცდი... დილით კი ირკვევა, რომ პრეპარატი “რაღაც უცნაურად იქცევა”: გეგონა “ასე” მოქმედებდა და მოქმედებს “ისე”. 

შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ქალი ცოტათი მეცნიერია. ოღონდ ნამდვილი მეცნიერები ექსპერიმენტებს თაგუნებზე და ზაზუნებზე ატარებენ, ჩვენ კი ამას საკუთარ თავზე ვაკეთებთ და თავგანწირვისთვის ნობელის პრემიის პერპექტივა ჰორიზონტის შორეული წერტილიდანაც არ გვიღიმის... სანუგეშოდ ისღა გრჩება, რომ ადამიანი, უკეთეს შემთხვევაში - სხვის და უარეს შემთხვევაში - საკუთარ - შეცდომებზე სწავლობს.

შეცდომა No-1 | მკითხველი მკითხველს

რამდენიმე წლის წინ, რომელიღაც ჟურნალში თმის მოშორების სხვადასხვა საშუალებებზე საოცარი მასალა ამოვიკითხე. ტრადიციული, ცოტა არ იყოს, სადისტური მეთოდების გარდა, ერთი აღმოვაჩინე, როგორც მაშინ მომეჩვენა - სრულიად ჰუმანური: ავტორი (რუბრიკა “მკითხველი გვთავაზობს”) გვირჩევდა: რეგულარულად, ფეხებზე მთელ სიგრძეზე პემზის ქვა აგვესვა და დაგვესვა, მთელი მონდომებით. არასასურველი თმა “ძალიან გაბრაზდება” და ზრდას შეწყვეტსო. დავუჯერე... ამ ჰუმანურ პროცედურას ჩემმა ფეხებმა ორჯერ გაუძლეს, მერე კი ისეთი საშინელი ლაქებით დაიფარა, რომ დიდიხნით შარვლის საყვარელი ტანსაცმლის რიგში შეტანა მომიხდა.

დასკვნა: ჰკითხე რჩევა პროფესიონალს. ეს დიდ დროს არ წაიღებს, სამაგიეროდ, ბევრი უკუეფექტისგან დაგაზღვევს. უკიდურეს შემთხვევაში, “განტევების ვაცი” მაინც იარსებებს.

შეცდომა No-2 | წვრილმანების გარეშე

ჩემს მეგობარს პირველი მშობიარობის შემდეგ თმა ინტენსიურად ცვიოდა. ნაცნობმა ექიმმა მწარე პილპილის ნაყენის ნიღბები ურჩია. ჩემმა კლასელმა ეს სასწაულთმოქმედი სითხე სასწრაფოდ შეიძინა და თავისუფალი წუთი გამოძებნა თუ არა, გეზი აბაზანისკენ აიღო. როგორც წესი და რიგია, თავი დაიბანა, შემდეგ კონდიციონერის ნაცვლად პილპილის ნაყენი წაისვა, დაჯდა მერე და უცდიდა, როდის გახდებდა თმა სრიალა და აბრეშუმივით რბილი.

წუთ-ნახევარი ელოდა, სანამ მიხვდა, რომ შემდეგ წუთ-ნახევარში ამ  ნარინჯისფერ სითხეს მის ქერათმიან კეფაზე ერთი გვარიანი ნახვრეტის გაკეთებაც კი შეეძლო.  სიტუაცია იმან გაართულა, რომ პირველ ჯერზე სითხე ვერ ჩამოირეცხა, მეორედ გადასავლებად კი ცხელი წყალი არ ეყო. გაყინული ჭავლის ქვეშ თავი სიმწრით რომ ჩამოიბანა, გააფთრებული ეცა ტელეფონს და იმ ექიმს დაურეკა, რომელმაც სუიციდის ასეთი უცნაური მეთოდი ასწავლა. აღმოჩნდა, რომ ექიმს უბრალოდ დაავიწყდა იმის თქმა, რომ ნაყენი უნდა გაზავდეს, პროპორციით 2-3 წვეთი 3 ლიტრ წყალზე!..

დასკვნა

ფართო პროფილის სპეციალისტს (თუნდაც ექიმს)  ყოველთვის არ შეუძლია, ასეთ ვიწრო სფეროში საჭირო რჩევის მოცემა. შეცდომა რომ არ დაუშვა, სჯობს, ისეთ ადამიანს მიმართო, ვინც ესა თუ ის მეთოდი საკუთარ თავზე გამოსცადა. და კიდე, ნუ დაიზარებ, ნუ იჩქარებ: როცა რეცეპტს იწერ, ყველა წვრილმანი გამოიკითხე, რომ მერე ექსპერიმენტი საბედისწეროდ არ გადაიქცეს.

შეცდომა  No-3 | გახდომა გინდა? მე მკითხე, როგორ”

ჩემმა ყველაზე ხანდაზმულმა მეგობარმა (ასაკს არ ვგულისხმობ, “ექსპლუატაციის ვადაზე” მაქვს საუბარი) ერთხელ იმ დროისთვის საკმაოდ პოპულარული შემსრულებელი გაიცნო და ყველასთვის მოულოდნელად შოუ-ბიზნესში კარიერის გაკეთება მოინდომა.  გამოუვიდა კიდეც, რამდენიმე თვის შემდეგ, ადგილობრივი რადიოსადგურის ეთერში მისი დაწერილი ერთი სიმღერა მაინც ისმოდა. თვითონ მეგობარი კი, პრაქტიკულად, ხმისჩამწერ სტუდიაში გადასახლდა. იქ შემოქმედნი და მათი მეგობრები გამუდმებით ეწეოდნენ და მიირთმევდნენ ყავას. საჭმლისთვის მაინცდამაინც არ ცდებოდნენ. ვის ეცალა ამისთვის?!

გავიდა კიდევ რამდენიმე თვე და ჩემი მეგობარი, საკმოდ მოხდენილი გოგონა, ხშირად ამაყად გვიჩვენებდა ნეკნებს და მათ შორის გაჩენილ ნამდვილ “მარიანის ღრმულებს”. აი, მესმის გახდომა! ცოტაც და პოდიუმზე წაგიყვანენო, ვხუმრობდით, მაგრამ ცოტა ხანში  პოდიუმზე კი არა, საავადმყოფოში ამოყო თავი, სადაც დიდი გულმოდგინებით აყლაპეს  წამლები და მაკარონები, რომ როგორმე ძველ წონით კატეგორიას დაბრუნებოდა. ახლა ჩემი მეგობარი მშვენივრად გამოიყურება, ოფის-მენეჯერად მუშაობს და სიმღერის ტექსტებსაც წარმატებით თხზავს, ოღონდ ამჯერად მხოლოდ თავისუფალ დროს.

დასკვნა: საინტერესო საქმე ფიქრს გწყვეტს. საჭმელზე ფიქრსაც, სხვათა შორის. მაგრამ არანაირი კარიერა ჯანმრთელობაზე ძვირი არ ღირს.

შეცდომა  No-4 | ხალხური სიბრძნე

ერთხელ, ჩემმა კლასელმა (სწორედ იმან, პილპილის ნაყენის ექსპერიმენტს რომ ატარებდა) საოცარი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აბსოლუტურად ნატურალური სახის ნიღაბი მირჩია: მცენარეული ზეთი, თაფლი, ლიმონი და უმი კვერცხი.   თეორიულად ნორმალურ ადამიანებს ამ პროცედურის შემდეგ ფორები უვიწროვდებათ, ნაოჭები უჩინარდებიან და სახე მთელი 10 წლით ახალგაზრდავდებათ. დღემდე ვერ გამიგია, რად მინდოდა 10 წლით გაახალგაზრდავება, როცა ჩვიდმეტი წელიც არ შემსრულებოდა, მაგრამ, რაც მართალია, მართალია, ამ კითხვას მაშინ არ შევუწუხებივარ. წარმატებულად შევაზავე ინგრედიენტები საჭირო პროპორციებით, დავიდე სახეზე და, რა თქმა უნდა, ლაქებით დავმშვენდი. ნატურალურად ქერათმიანებს ამის პრობლემა ყოველთვის აქვთ: ოდნავ რამე და მაშინვე ლეოპარდს ემსგავსებიან, შეფერილობის თვალსაზრისით, ამჯერად ტემპერამენტი არ მიგულისხმია...

დასკვნა: ხალხური საშუალებები პანაცეა არაა. და როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ცდუნება, ექსპერიმენტებს მაშინ მაინც უნდა მოერიდო, როცა წინ მნიშვნელოვანი მოვლენაა. ერთი “მამაცი” პატარძლის ისტორია მახსოვს. ქორწილის წინ  სახის გათეთრება მოუნდომებია და ფორთოხლის ხის რეცეპტი გამოუყენებია. ტონალურმა კრემმაც კი ვერ უშველა. რა თქმა უნდა, შთამომავლები ამას ვერასდროს გაიგებენ (მადლობა -  Photoshop-ს!), მაგრამ  სიძე მართლა შემეცოდა

შეცდომა No-5 | მხოლოდ მაქსიმუმი

ერთი ჩემი ნაცნობი ძალიან შფოთავდა თვალებქვეშ შავი წრეებისა და სილურჯის გამო. ყველა გარშემომყოფი ხვდებოდა, რომ ეს ქრონიკული გამოუძინებლობის ბრალი იყო. და აი, მან გადაწყვიტა “ადამინურად დავისვენებო”. შვებულება აიღო, შოკოლადის კანფეტები მოიმარაგა და სახლში ჩაიკეტა. სულ ეძინა, ან იწვა. მხოლოდ იმისთვის დგებოდა, რომ მაღაზიიდან ტკბილეულის მომდევნო პარტია მოეტანა. შედეგი - შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევიი ზედმეტი კილოგრამები და სამსახურში წასვლის წინ ისეთი შეგრძნება, თითქოს დამტვრეული ხარ. სილურჯეები კი მართლა გაქრა.

დასკვნა: გეშინოდეთ უკიდურესობების. დანაკუწებული ოხრახუში, ჩაის საფენები და უმი კარტოფილის რგოლები თვალებზე - აი, რა არის უწყინარი, ამ შემთხვევაში. მესმის, გენანებათ ძვირფასი დროის ამისთვის დახარჯვა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან დღეებში მაინც ნუ დაიზარებთ. და კიდევ, ზოგჯერ მაინც, აუცილებლად უნდა გამოიძინოთ.

შეცდომა No-6 | ეს ყველასთვის ცნობილია

ჩემი დაქალის დაქალი მეგობრული ვიზიტით ესტუმრა მეზობლად გახსნილ სოლარიუმს. Aამის შემდეგ ხელოვნურ მზესთან მისი ყველანაირი კონტაქტი დიდიხნით აღიკვეთა. მართლა არ ვიცი, რამ გამოიწვია კანის ასეთი ბობოქარი რეაქცია: იმით, რომ ნათურები მთლად ახალი არ იყო, თუ გოგონამ გამოიყენა სოლარიუმამდე სკრაბი,… მაგრამ საცოდავად კი გამოიყურებოდა..

დასკვნა: არ შეგრცხვეს, არ მოგერიდოს  იმის კითხვის, როდის გამოცვალეს სანათურები, რამდენი წუთია ამ სიმძლავრის აპარატზე ოპტიმალური პირველი ვიზიტისას, იქნება თუ არა უკუჩვენება, ან რატომ არ გაძლევენ სათვალეს. ეს მომაბეზრებლობასა და მეწვრილმანეობაში არ ჩაგეთველბა, პირიქით, აუცილებელია, თუ საკუთარი ჯანმრთელობა ოდნავ მაინც გაღელვებს. ხოლო სოლარიუმის ადმინისტრატორებს ამისთვის გასამრჯელოს უხდიან

შეცდომა  No-7 | ძვირია, მაგრამ ძალიან რომ მინდა?!

ერთხელ ჩემს განკარგულებაში უამრავი თავისუფალი დრო აღმოჩნდა. როგორც ადეკვატურმა, სულ საქმეებს გამოკიდებულმა ადამიანმა, გადავწყვიტე, ეს დრო მაქსიმალურად სასარგებლოდ გამომეყენებინა, ანუ ჩემი თავისთვის მიმეძღვნა. მაღაზიებში რამდენიმესაათიანი უმიზნო ხეტიალის შემდეგ კოსმეტიკას მივადექი. იქ უცებ მივხვდი, რომ ეს ჩემი “უამრავი თავისუფალი დრო” ამ განყოფილებას არ ეყოფოდა, ამიტომ კონსულტანტ გოგონას მოვუხმე. სხარტად გამომკითხა რაღაცები, და რამდენიმე ნელსაცხებელი საზეიმოდ (მე ასე მომეჩვენა) გადმომცა, მტკიცე ფიციც მოაყოლა, მარწმუნებდა, ხვალვე ნახავთ ეფექტს, როცა საკუთარ თავს ვერ იცნობთო. არც მოუტყუებია.

მომდევნო დილას სახე, მართლაც, დასვენებულად გამოიყურებოდა. მაგრამ ქუთუთოები გამიწითლდა და დამისივდა, თვალების ქვევითაც დამისივდა... ვიფიქრე, შეჩვევაა-მეთქი საჭირო და მეორე დღეს დაველოდე.… არაფერი შეცვლილა, იგივე სიწითლე, იგივე შესიება. გაოცებული ვუყურებდი საკუთარ თავს მარტო მაშინ მომივიდა აზრად, ყუთი და ინსტრუქცია შემესწავლა. ძალიან სწრაფად აღმოვაჩინე, რომ საცხი ლიფტინგით ყოფილა და მარტო მათთვისაა, ვინც 35 წელს გადააბიჯა... 

დასკვნა: შენი ბრალია!! უნივერსიტეტი დაამთავრე, დიპლომი აიღე, მუშაობ, ხალხი პატივს გცემს და კითხვა მაინც ვერ ისწავლე?! კონსულტანტ გოგონას თავისი გაჭირვება ჰქონია, მაგრამ ასეთი მდიდარი ასორტიმენტის პირობებში იმას კიდევ შეიძლება, გაუგო. კლასიკური “მეტი იკითხე” შენზეა ზედგამოჭრილი, მეტი იკითხე - გაზეთი, ჟურნალი, დოსტოევსკი, ჭავჭავაძე და... ნელსაცხებლიანი ქილების თანმომყოლი ინსტრუქციები!

Comments:

GGG Studi@