1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

თუთიის დიეტა

თუთიის დიეტამონაწილეობს რა ორგანიზმის მთავარი იმუნური ჯირკვლის - თიმუსის - ჰორმონთა სინთეზში, თუთია იმუნიტეტს არეგულირებს. თუთიის ნაკლებობის პირველი ნიშანი ისაა, რომ ძნელად ხორცდება ნაკაწრი, წყლული ან ჭრილობა. თუთიით მდიდარია ბადრიჯანი, პარკოსნები, თეთრი სოკო, წიწიბურა, თეთრი კომბოსტო, ხახვი, სტაფილო, ტკბილი წითელი პილპილი, მზესუმზირის მარცვლები, ნიორი, ასევე ზღვის თევზი, კალმარები და ზღვის სხვა პროდუქტი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თუთიის დეფიციტი სხვა საფრთხის წინაშეც აყენებს ადამიანს: ის ალკოჰოლიზმის განვითარებას უწყობს ხელს. საქმე ისაა, რომ ალკოჰოლის დაშლის პროდუქტების გაუვნებელყოფა ღვიძლში ხდება და ”მთავარი მოქმედი პირი” ამ პროცესში — ალკოჰოლდეჰიდროგენეზის განსაკუთრებული ფერმენტია, რომლის შემადგენლობაშიც შედის თუთია. როცა ის არასაკმარისი რაოდენობითაა, ალკოჰოლისგან ორგანიზმის გათავისუფლების მექანიზმი ირღვევა.

კიდევ ერთი ახალგამოვლენილი კანონზომიერება ისაა, რომ თუთიის დეფიციტი იმ ბავშვებში შეინიშნება, რომელთა მშობლები ალკოჰოლიზმით იტანჯებოდნენ და ეს გარკვეულწილად ხსნის, რატომ გადადის ეს ”დამღუპველი ჩვევა” მემკვიდრეობით.

არსებობს თუთიის შემცველი პრეპარატების სამი თაობა. თავიდან იყენებდნენ ამ ელემენტის არაორგანულ მარილებს, მაგალიტად თუთიის სულფატს. მას ნაკლი უფრო მეტი აქვს, ვიდრე ღირსება. ცუდად ასათვისებელია, პირში ლითონის გემოს ტოვებს, ხშირად იწვევს ღებინებას, მუცლის ტკივილს.

მომდევნო თაობა - ორგანულ სენაერთებზე დაფუძნებული საშუალბები, კერძოდ თუთიის ასპარგინატი. უფრო ადვილად ასათვისებელია და არ აქვს უსიამოვნო გემო. ისეთი პრეპარატებიც გაჩნდა, რომლებშიც თუთია ”ჩაშენებულია” ე.წ. ბუნებრივ ლიგანდებში: ნაერთებში, რომლებიც ხელს უწყობენ საუკეთესოდ ათვისებას და ადვილად ერთვებიან ნივთიერებათა ცვლაში. არც გულის რევას იწვევენ, ამიტომ შესაძლებელია, პაციენტისთვის აუცილებელი ულუფის მიღება. თუთიის მატარებელი მოლეკულის ქიმიური წყობა ისეთია, რომ მიკროელემენტი პირდაპირ უჯრედში მიდის და უზრუნველყოფს ზემოქმედების მაქსიმალურ ეფექტურობას.

თუთიის დიეტის კერძები

სალათი კალმარებითა და ყველით: 300 გრ. კალმარები, 200 გრ. ვაშლი, 100 გრ. ხახვი, 200 გრ. ახალი კიტრი, 100 გრ. ყველი, 1 გვ. მოხარშული ბრინჯი, 100 გრ. მაიონეზი, მარილი გემოვნებით.

კალმარებს მდუღარე დავასხათ, გავაგრილოთ, გავასუფთავოთ, გავავლოთ წყალი და ჯოხებად დავჭრათ, შემდეგ 5 წუთი ვშუშოთ ზეთში. ხახვი დავჭრათ, მოვასხათ მდუღარე და გადავწუროთ. გავხეხოთ ვაშლი, წვრილად დავჭრათ კიტრი. ბრინჯი მოვხარშოთ და შევურიოთ კალმარებსა და ბოსტნეულს, გავუკეთოთ მაიონეზი, გახეხილი ყველი, მარილი და მოვურიოთ.

ფლავი ჭინჭრით: 300 გრ. ჭინჭარი, 200 გრ. ხახვი, 200 გრ. სტაფილო, 100 გრ. მცენარეული ზეთი, 2 ჭიქა ბრინჯი, 1,5 ლ. წყალი, 1 კბილი ნიორი, მარილი, დაფქვილი წიწაკა.

ჭინჭარი გავრეცხოთ, დავტოვოთ მდუღარე წყალში 2 წუთით, წვრილად დავჭრათ. შევურიოთ ხახვი. სტაფილო 3 წუთის განმავლობაში ზეთში მოვშუშოთ. ბრინჯი მოვხარშოთ, გავწუროთ და ცხელი წყალი გადავავლოთ. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შევურიოთ, დავამატოთ მარილი, დაფქვილი წიწაკა და ნიორი.

ზეითუნის ზეთი, რომელსაც სალათებსა და შესაწვავად იყენებენ, უნდა იყოს პირველი, ცივი გამოხდის. ეს ერთადერთი ზეთია, რომელიც ძლიერი გახურებისას ტაფაზე კანცეროგენულ ნაერთებს არ წარმოქმნის. ყველაფერს სჯობს, თუკი მაღაზიაში კრიტოსზე ან კვიპროსზე წარმოებულ ზეთს იპოვით. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ამ ადგილებში ის უფრო მდიდარია განსაკუთრებული ნივთიერებით — სკვალენით, რომელიც ცხიმების ცვლას უწყობს ხელს, ეს კი ძალიან სასარგებლოა სისხლძარღვებისთვის, კატარაქტის წარმოქმნასა და სხვა ასაკობრივ ცვლილებებს ეწინააღმდეგება .

კვიპროსელების სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი (82 წლამდე - ქალები და 78 წლამდე  - მამაკაცები) სწორედ საკვებში სკვალენის რაოდენობას უკავშირდება.

 

მასალა მოამზადა ს. გულიაშვილმა

Comments: