1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

შაკიკი

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

Sakikiმიუხედავად იმისა, რომ შაკიკი (იგივე ჰემიკრანია) პირველად ჩვ. წ. მე–3 საუკუნეში იხსენიება, კაცობრიობამ ვერც მასთან ბრძოლა ისწავლა და ვერც მისი გამომწვევი მიზეზები იპოვა.

შაკიკი თავის ერთ ნაწილში პერიოდული ძლიერი ტკივილია. მწვავე მონოტონური ტკივილი კონცენტრირდება საფეთქლის, შუბლისა და თვალის არეში, თან ახლავს გულისრევა, ღებინება, ციება, გახშირებული შარდვა, შუქისა და ხმაურის მიმართ გაღიზიანება. შეტევის ხანგრძლივობა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღე–ღამეა.

შაკიკი ქალებში სამჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.

ითვლება, რომ ამ დაავადების მიზეზი თავის ტვინის სისხლით მომარაგების სხვადასხვაგვარი დარღვევაა. ტკივილები მეორდება 2–4 თვეში ერთხელ, ხანაც უფრო ხშირად, ან უფრო იშვიათად. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციით განირჩევა შაკიკის ორი ტიპი – შაკიკი აურით და აურის გარეშე.

აურის თანმხლები შაკიკის ტიპიური მაგალითი აღწერილია ბულგაკოვის ''ოსტატსა და მარგარიტაში’’. პილატესთვის ვარდის ზეთის სურნელის მძაფრი შეგრძნება შეტევის მომასწავებელია. აურა – შაკიკის შეტევის მომასწავებელი მოკლე პერიოდია.

იმისდა მიხედვით, თუ ტვინის რომელი ნაწილი განიცდის დისბალანსს სისხლის მიმოქცევაში, შეტევის დასაწყისს შეიძლება თან ახლდეს მხედველობის გაუარესება, ჰალუცინაცია, სმენის პრობლემები, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. ამ ნიშნებთან ერთად, ან ცოტა მოგვიანებით, იწყება ტკივილი. 

აურის გარეშე შაკიკის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს უძილობა, გაღიზიანება, შემდეგ კი ხშირად მარჯვნივ, შედარებით იშვიათად კი მარცხნივ იწყება ტკივილი. ტკივილის შეგრძნება მძაფრდება 2–2.5 საათის განმავლობაში, შემდეგ კი იკლებს.

ვის ემუქრება 

ბევრი ცნობილი ადამიანი, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს კაცობრიობის ისტორიაში – იულიუს კეისარი, დარვინი, ედგარ პო, ჩაიკოვსკი, კარლ მარქსი, ფროიდი - ავად იყვნენ შაკიკით. შაკიკისკენ მიდრეკილ ადამიანებს ახასიათებთ ამბიციურობა, ემოციურობა, ადვილად განაწყენება, სტრესისადმი და დეპრესიისადმი მიდრეკილება.

ნევროლოგების ნაწილი თვლის, რომ შაკიკი მემკვიდრეობითი დაავადებაა. საინტერესოა, რომ ის აწუხებს ადამიანს ყველაზე აქტიურ პერიოდში, 18–დან 60 წლამდე, შემდეგ კი თავის მსხვერპლს საბოლოოდ ანებებს თავს.. 

აღსანიშნავია, რომ ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღება ზრდის შაკიკის წარმოშობის რისკს ქალებში. 

ყველა ავადმყოფმა იცის, თუ რას შეუძლია ტკივილის პროვოცირება: სტრესი, კვების პროდუქტები, უფრო ხშირად – ალკოჰოლი, ყველი, თხილი, შიმშილი, შოკოლადი, კაშკაშა სინათლე, ფიზიკური დატვირთვა. თუმცა, თუკი ყველა ამ გამღიზიანებლის თავიდან აცილება ასე თუ ისე შესაძლებელია, ამინდის ცვალებადობასთან შეგუება, ფსიქოლოგიურ ტრავმებთან, ემოციებთან გამკლავება და მენსტრუალური ციკლის ფაზებისთვის თავის არიდება, ჩვენი გავლენის ზონას სცდება, არადა მათაც წარმატებით შეუძლიათ შაკიკის შეტევის პროვოცირება. 

რით ვუმკურნალოთ 

სამწუხაროდ, შაკიკის წამალი ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი, თუმცა მეცნიერები განაგრძობენ მუშაობას ამ მიმართულებით. საქმეს ისიც ართულებს, რომ ამ ჩივილით ექიმს მიმართავს პაციენტთა მხოლოდ 1/6, უმეტესობა კი ფიქრობს, თავის ტკივილი თავის ტკივილია და საკმარისია ანალგინის აბის მიღება, რომ ჩვეულებრივ განაგრძო შენი საქმეო. ეს წამალი არა მარტო ვერ შველის შაკიკს, ავიწროებს სისხლძარღვებს და ზედმეტი რაოდენობა ცვლის სისხლის შემადგენლობას. 

პარაცეტამოლისა და ასპირინის კომბინაციის რეგულარული მიღებით ჯერ სიმსუბუქეს გრძნობ, შემდეგ კი, ორგანიზმში პრეპარატების დაგროვების კვალობაზე, უკურეაქცია იწყება. ტკივილი არა მარტო ძლიერდება, არამედ ქრონიკულიც ხდება. აბი რომ არ მიიღო, უარესად ხარ. ჩნდება წამალზე დამოკიდებულება, რომელიც ბევრით არაფრით განსხვავდება ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან.

გასაგებია, რომ თვითმკურნალობა შაკიკის დროს დაუშვებელია. დასაწყისისთვის აუცილებელია კომპლექსური გამოკვლელვა, რადგან თავის ტკივილი შეიძლება შაკიკის კი არა, უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომი აღმოჩნდეს (ანევრიზმა, სიმსივნე). გარდა ამისა, ის შეიძლება ოსტეოქონდროზმა ან ხერხემლის კისრის არის სხვა პრობლემამ გამოიწვიოს. აუცილებლად უნდა მიატოვოთ მოწევა, გამორიცხოთ ალკოჰოლი, ყოველთვის გამოიძინოთ და წესად მიიღოთ, რომ დღეში ერთი საათი მაინც სუფთა ჰაერზე ყოფნა აუცილებელია (სამსახურში გაქცევა და მაღაზიებში ხეტიალი არ ითვლება!). 

მიუხედავად იმისა, რომ შაკიკის სრულად განკურნება შეუძლებელია, მედიცინამ მაინც მიაღწია გარკვეულ წარმატებას. შეიქმნა პრეპარატები, რომლებიც ნებისმიერი სიძლიერის შეტევას უშველის. მაგრამ არც მათი მიღება შეიძლება მეზობლების რჩევით: ერთი და იგივე წამალი შეიძლება ერთს მოუხდეს, მეორეს კი – არა. ასე რომ, მხოლოდ ექიმს შეუძლია დაავადების სრული სურათი შეაფასოს და ზუსტი პრეპარატი დანიშნოს. 

თუმცა ბებიებისგან დანატოვარი საშუალებების სრულიად უგულებელყოფა არ ღირს. შაკიკის დროს კარგი დამხმარეა ნაყინი. საკმარისია ამ ნუგბარის ერთი სუფრის კოვზი რბილ სასას მიაჭიროთ და ნაყინის დადნობამდე გეჭიროთ, რომ მალევე იგრძნოთ ტკივილის შემსუბუქება. 

კავკასიაში შინდის ნახარშს იყენებენ, ზოგ შემთხვევაში მარგებელია მწვანე ჩაი, შავი მოცვის წვენი, გვირილის, მელისას და სხვა ბალახეული ნახარში. მაგრამ ექიმთან კონსულტაცია ბალახების შემთხვევაშიც აუცილებელია. 

შაკიკის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის კარგია მასაჟიც. 

თუმცა, რაც უნდა მობეზრებული გქონდეთ შეგონებები ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობაზე, ისინი მაინც ჭეშმარიტებას ღაღადებენ - სწორი კვება, სრულფასოვანი დასვენება, დადებითი ემოციები და სპორტი – განსაკუთრებით ცურვა – შაკიკის შეტევის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებებია.

eva.ge 

Comments: