1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

როგორ ვმართოთ დრო - დროის მართვის საიდუმლოებები

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

დროის მართვის საიდუმლოებებიმესამე ათასწლეულის აჩქარებული რიტმი ქალს თუ კაცს, ყველას, ახალ მოთხოვნებს უყენებს. თანამედროვე ადამიანი ერთ დღეში იმდენ საქმეს ეჯახება და იმდენ ინფორმაციას ამუშავებს, რამდენიც არც დაესიზმრებოდა წინა ათასწლეულში მცხოვრებს. უცნაურიც არაა, რომ XXI საუკუნის უცვლელ თანამგზავრად “ქრონიკული დაღლილობა” იქცა.

თითოეულ ჩვენგანს ქრონიკულად არ ჰყოფნის დრო. დღე-ღამეში მხოლოდ 24 საათია, მათგან, მედიკოსების რწმუნებით, 8 საათი ძილს უნდა ეკუთვნოდეს. მივუმატოთ ამას სამსახურიდან - სახლში, სახლიდან - სამსახურში, ან სასწავლებლიდან - სახლში და სახლიდან - სასწავლებელში გზად გატარებული დრო და სამჯერადი კვება. რაღა რჩება? - არც ისე ბევრი.

შესაძლებელია თუ არა, დარჩენილი საათების მაქსიმლაურად ეფექტურად, რაციონალურად და წარმატებულად გამოყენება? რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ როგორ უნდა მოახერხოს ეს ოფისში გამომწყვდეულმა ადამიანმა, ამაზე ერთ-ერთ თვალსაზრისს გთავაზობთ.

დასაწყისისთვის, დღიური უნდა შეიძინოთ. დილით სამუშაოს დაწყების წინ, ან საღამოს, მისი დამთავრების შემდეგ, ჩაწერეთ მასში ყველა საკითხი, რომლის გადაწყვეტაც აუცილებელია მომდევნო სამუშაო დღის განმავლობაში.

შეადგინეთ სამუშაო საათების მიახლოებითი ანგარიში, რა საკითხზე რა დრო უნდა დახარჯოთ და რეზერვიც (დაახლოებით 40%) ისეთი გაუთვალისწინებელი საკითხებისთვის დატოვეთ, როგორიც აუცილებლად იჩენს თავს დღის განმავლობაში. საქმეები მათი მნიშვნელობის მიხედვით დაალაგეთ: მნიშვნელოვანი - სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვენ; მნიშვნელოვანი - არ მოითხოვენ სასწრაფო რეაგირებას; ნაკლებად მნიშვნელოვანი მიმდინარე საქმეები და სხვები, უმნიშვნელო საკითხები. ის საქმეები, რომელიც ვერ დაასრულეთ, გადაიტანეთ მეორე დღის სიაში, მაგრამ ჩაწერეთ პირველ ადგილებზე.

სივრცე თქვენ გარშემო
საუკეთესოდ დაგეგმილი საქმეც შეიძლება გაუკეთებელი დაგრჩეთ და ტვირთად დაგაწვეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ზედმეტად ბევრ დროს ხარჯავთ საჭირო დოკუმენტების, საქმიანი პარტნიორების სატელეფონო ნომრების, ფაილების თუ დისკების ძებნაში. ამ პრობლემის მოგვარება ადვილად შესაძლებელია: დოკუმენტები საქაღალდეებში დაანაწილეთ, სავიზიტო ბარათები - საგანგებო სათავსში, ნომრები პირდაპირ ბლოკნოტში ან ტელეფონში ჩაწერეთ და არა ფურცლებზე. სამუშაო დღის დამთავრებისთანავე მოაწესრიგეთ თქვენი მაგიდა, რომ დილით არ გაცდეთ.

შემოსულ კორესპონდენციასთან ოპერატიულად იმუშავეთ
ელექტრონული ფოსტაა თუ ჩვეულებრივი, აუცილებლად დროულად შეამოწმეთ და დროულად დაამუშავეთ. ყველა დოკუმენტი, რომელიც გაეჭვებთ და ვერ გადაგიწყვეტიათ, სასაგებლოა თუ არა, მაშინვე უნდა მოიშოროთ. ასე თავიდან მაგიდაზე და ელექტრონულ ფოსტაში ქაოსს აირიდებთ.

ეფექტურად ისარგებლეთ ტელეფონით
სატელეფონო ზარებმა დროის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ არ წაგართვათ, მოაწესრიგეთ. თუ აბონენტი ადგილზე არაა ან დაკავებულია, დატოვეთ მისთვის შეტყობინება მდივნის ან ავტომოპასუხის საშუალებით, თან მითითებთ: ვინ დარეკა და როდის სჯობს, რომ დაგირეკონ. ნუ დაურეკავთ მნიშვნელოვან აბონენტს დახლოებით 9-დან 12-მდე, 17-დან 19 სთ-მდე. ზარამდე კარგად მოიფიქრეთ სათქმელი და მოამზადეთ ყველა დოკუმენტი, რომელიც შესაძლოა დაგჭირდეთ.

გაექეცით ზედმეტ “ლირიკულ გადახვევებს”
დადგენილია, რომ ჩვენი დროის დიდი ნაწილი ახლობლებთან ან კოლეგებთან საუბრებზე მიდის. კონტაქტებზე უარის თქმა, რა თქმა უნდა, არ ღირს, მაგრამ ზომა უნდა ვიცოდეთ.

“არას” თქმა ისწავლეთ
უარის თქმის არცოდნა დროის დანაკლისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ამ დანაკლისს ქრონიკული სტრესი და ჯანმრთელობის გაუარესება მოყვება.

ისწავლეთ თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ სხვისი მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა! ნუ შეგეშინდებათ, რომ ამით გუნდურ ერთსულოვნებას დაარღვევთ ან უფროსს გააბრაზებთ. ნამდვილი ავტორიტეტით სწორედ ისინი სარგებლობენ, ვინც საკუთარ თავს და თავის დროს პატივს სცემს. 

ხვალისთვის არასდროს გადადოთ ის, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება
ეს რთულ, მოცულობით დიდ და მოსაწყენ საქმეს ეხება. ხშირად ვპასიურობთ ასეთი საქმის წინ, გადავდებთ, გადავდებთ და თითქოს ველოდებით, იქნებ გასაკეთებელი აღარ შეიქნესო, არადა სად წავა საქმე. მერე მიწურულში ვიწყებთ კეთებას, როცა საშველი აღარ არის.

წესად უნდა აქციოთ - ასეთი საქმე მაშინვე დაიწყოთ. რაც ადრე დაიწყებთ, მით ადრე დაამთავრებთ. ასე თუ მოიქცევით ”კუდებიც” აღარ დაგიგროვდებათ.

რთული ამოცანები ნაწილებად დაყავით
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დათქმულ დრომდე ვერ ვასწრებთ სამუშაოს შესრულებას ისაა, რომ მის დასაწყისს და დასასრულს ვერ ვხედავთ. დაუსრულებლად გვეჩვენება. დროში გაწელილ საქმეს ნაწილებად თუ დავყოფთ და თითოეულს შესასრულებლად თავის დროს მივუჩენთ, მიზნამდე ნაბიჯ-ნაბიჯ და საკმაოდ სწრაფად მივალთ.

იზრუნეთ ჯანმრთელობაზე
შეუძლებელია ეფექტურად მუშაობა თუ გადაღლილი ან დათრგუნული ხართ. ავადმყოფობის პირობებში საქმე 2-ჯერ მაინც მუხრუჭდება და თან თქვენს ჯანმრთელობასაც მეტად ვნებს. გაუფრთხილდით თავს, როგორმე გამოიძნეთ, შეძლებისდაგვარად, დაკავდით სპორტით სახლში, ან სადმე სხვაგან.

დაიმახსოვრეთ, რომ საქმის შემდეგ ვარჯიში განტვირთვასა და ტკბილ ძილში გეხმარებათ. საკუთარ თავს მოკლევადიანი შვებულება მოუწყვეთ ხოლმე და სადღესასწაულო დასვენებები მაქსიმალურად გამოიყენეთ.

* * *
დროის მართვის უნივერსალურ პრონციპებზე დაყრდნობით, თქვენი ხასიათის, სისუტეები ან უპირატესობების, სამუშაო ადგილისა თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, დროის ორგანიზების თქვენეულ სისტემას ადვილად შეიმუშავებთ და შეიძლება, ის უფრო ეფექტური და თქვენს ცხოვრებას მისადაგებული იყოს. ამ დროს მნიშვნელოვანია,  ერთი მხრივ, მტკიცე და შეუპოვარი იყოთ, და მეორე მხრივ - მოქნილი, უკანასკნელში სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი იგულისხმება, თუ ერთ-ერთი საკითხი სასწრაფო რეაგირებას ითხოვს, თქვენს გეგმაში კი მეოთხე ადგილზეა, არ უნდა გაჯიუტდეთ. უნდა გააკეთოთ ის, რასაც სიტუაცია ითხოვს.

დროის მართვას რომ ისწავლით, იგრძნობთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ, თანაც არა ერთ ან ორ ასპექტში, არამედ - საერთოდ!

 

მასალა მოამზადა ს. გულიაშვილმა
ფოტო: კადრი მარტინ სკორსეზეს ფილმიდან ”ჰუგო” 

Comments: