1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

7 მითი ჰორმონალურ აბებზე

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

7 მითი ჰორმონალურ აბებზე როცა ადამიანს ჰორმონალურ პრეპარატს უნიშნავენ, ეს მას ხშირად აშინებს. ჰორმონების გარშემო ბევრი მითია გავრცელებული, მათი უმრავლესობა კი მცდარია.

მითი 1: ჰორმონალური პრეპარატები არის საგანგებო ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ქალბატონებისთვის

არა. ჰორმონალური პრეპარატები - ესაა წამლები, რომლებიც მიღებულია სინთეტიკური გზით. ისინი მოქმედებენ ნატურალური ჰორმონების მსგავსად, რომელთაც ორგანიზმი გამოიმუშავებს. ადამიანის ორგანიზმში ბევრი ორგანოა, რომლებიც ჰორმონებს გამოყოფენ: ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოები, შიდა სეკრეციის ჯირკვლები, ცენტრალური ნერვული სისტემა და სხვა. შესაბამისად, ჰორმონალურ პრეპარატებიც სხვადასხვაგვარია, და სხვადასხვა დაავადების დროს ინიშნება.
 

ქალურ ჰორმონალურ პრეპარატებს (შეიცავენ ქალურ სასქესო ჰორმონებს) ხან აქვთ ჩასახვის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ხანაც – არა. ხანდახან პირიქითაცაა, პრეპარატები ჰორმონალურ ფონის ნორმალიზაციას ახერხებენ და ფეხმძიმობასაც ხელს უწყობენ. პრეპარატები, რომელთაც მამაკაცის სასქესო ჰორმონები აქვთ, ენიშნებათ მამაკაცებს, როცა სპერმატოზოიდების მოძრაობის, ჰიპოფუნქციის, ჰორმონის დონის დაწევის პრობლემებია.

მითი 2: ჰორმონებს მხოლოდ ძალიან მძიმე დაავადებების დროს ნიშნავენ
არა. არსებობს რიგი არცთუ მძიმე დაავადებების, რომელთა დროს ასევე ნიშნავენ ჰორმონალურ პრეპარატებს. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემცირების (ჰიპოფუნქციის) დროს ექიმები ხშირად - ტიროქსინსა და ეუტიროქსს ნიშნავენ.

მითი 3: თუ ჰორმონალურ აბს დროულად არ მიიღებ, არაფერი დაშავდება
არა. ჰორმონალური პრეპარატები მკაცრად გაწერილ დროს უნდა მიიღო. თუ ჰორმონებს არარეგულარულად სვამ ან სულაც დალევა დაგავიწყდება, აუცილებელი ჰორმონის დონემ შესაძლოა მკვეთრად დაიწიოს.

მითი 4: თუ ჰორმონებს მივიღებთ, ისინი სხეულში გროვდება
არა. როცა ჰორმონი ორგანიზმში ხვდება, მაშინვე ქიმიურ ნაერთებად იშლება, რომელთაც შემდეგ ორგანიზმი გამოყოფს. მაგალითად: ჩასახვის საწინააღმდეგო აბი ორგანიზმში იშლება და მისგან “გამოდის” 1 დღე-ღამის განმავლობაში, სწორედ ამიტომ სვამენ მას ყოველ 24 საათში.

თუმცა ირიბად ეს პრეპარატები მაშინაც მოქმედებენ, როცა ადამიანი აღარ იღებს მათ. ჰორმონალური წამალი “მიზნის” რამდენიმე ორგანოზე ზემოქმედებს. მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატი მოქმედებს საკვერცხეებზეც, საშვილოსნოზეც, სარძევე ჯირკვლებზეც და თავის ტვინის განყოფილებებზე. როცა აბი “ტოვებს” ორგანიზმს, მექანიზმი, რომელიც მან "ჩაუშვა", მუშაობას აგრძელებს.

მითი 5: ფეხმძიმობის დროს ჰორმონალურ პრეპარატებს არ გამოწერენ
გამოწერენ. თუ დაფეხმძიმობამდე ქალს ჰორმონალური დარღვევები ჰქონდა, ნაყოფის ტარების დროს წამლების დახმარება სჭირდება იმისთვის, რომ ქალური და მამაკაცური ჰორმონების გამომუშავება ნორმაში იყოს და ბავშვიც ნორმალურად განვითარდეს.

ან სხვა სიტუაცია: ფეხმძიმობამდე ქალს ყველაფერი ნორმალურად ჰქონდა, ორსულობის შემდეგ კი რაღაც შეიცვალა. მაგალიათად, უცებ ამჩნევს, რომ ინტენსიურად იზრდება თმა ჭიპიდან ქვევით და მკერდზე. ამ შემთხვევაში ექიმთან მისვლა აუცილებელია. ის ალბათ ჰორმონალურ გამოკვლევას დანიშნავს, აუცილებლობის შემთხვევაში კი გამოწერს ჰორმონებს.

მითი 6: ჰორმონალურ პრეპარატებს უამრავი უკუჩვენება აქვთ, პირველ რიგში – სხეულის წონის გაზრდა
სამკურნალო პრეპარატი, რომელსაც არავითარი უკუჩვენება არ აქვს, პრაქტიკულად, არ არსებობს. მაგრამ უნდა გავარჩიოთ უკუჩვენებები იმ ეფექტისგან, რომლის გამოც პრეპარატის შეცვლა არ ღირს. მაგალითად, სარძევე ჯირკვლების დასიება ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებისას ნორმალურ მოვლენად ითვლება.

ჰორმონალურ პრეპარატებს საკმაოდ ხანგრძილივი პერიოდისთვის ნიშნავენ. პირველი თვის ბოლოსთვის ორგანიზმი ადაპტირებას ახერხებს და ყველაფერი ნორმაში მოდის.

მითი 7: ჰორმონების ალტერნატივა ყოველთვის არსებობს
ყოველთვის არა. არსებობს სიტუაციები, როცა ჰორმონალური პრეპარატი შეუცვლელია. ვთქვათ, 50 წლის ქალს ამოაჭრეს საკვერცხეები. შედეგად ის ძალიან სწრაფად იწყებს დაბერებას და კარგავს ჯანმრთელობას. ასეთ შემთხვევაში, მისი ორგანიზმი 55-60 წლამდე აუცილებლად უნდა განმტკიცდეს ჰორმონოთერაპიით. რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ მისი ძირითადი დაავადება (რის გამოც საკვერცხეები ამოაჭრეს) ასეთ დანიშნულებას არ “ეურჩება”.

უფრო მეტიც, ზოგიერთი დაავადების დროს ქალური სასქესო ჰორმონები შეიძლება ფსიქონევროლოგმაც გირჩიოთ. მაგალითად, დეპრესიის დროს.

გაითვალისწინეთ: ყოველგვარი წამლის დანიშვნისას ”თვითშემოქმედება” აკრძალულია.

eva.ge
მასალა მოამზადა სოფო გულიაშვილმა 

Comments: