1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

რა ფერისაა თქვენი ხასიათი?

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

რა ფერისაა თქვენი ხასიათი?უპირატესობას ხან ერთ ფერს ვანიჭებთ, ხანაც – მეორეს. დღეს ყველაფერი ლურჯი მოგვწონს, ხვალ მარტო წითელს ვყიდულობთ, ერთი კვირის შემდეგ შავს არ ვიშორებთ. ფერი რომ ხასიათზე ბევრს ამბობს, ყველასთვის ცნობილია. მას ფსიქიკაზე ზეგავლენაც შეუძლია და როცა ამ ფაქტორის მნიშვნელობას გაარკვევ, როცა იცი, როგორია ეს ზეგავლენა, ხასიათისა და განწყობის კორექციასაც შეძლებ.

ფსიქოტიპები ფერების მიხედვით

ფსიქოფიზიოლოგებმა და მედიკოსებმა დიდი ხნის წინ შენიშნეს, რომ ერთი და იგივე ფერი ყველა ადამიანზე ერთნაირად მოქმედებს. წითელი აღაგზნებს, ლურჯი ამშვიდებს, იისფერი შფოთს ბადებს, მწვანე სიმყარისა და სტაბილურობის გრძნობას აღვივებს.

ფსიქიკაზე ფერის ზემოქმედების სფეროში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სპეციალისტმა მაქს ლიუშერმა (Max Lüscher), ფერთა გამის სიყვარულის მიხედვით, ადამიანების 4 ტიპი გამოყო:

წითელი ფსიქოტიპი. ამ ტიპის ადამიანები უკიდურესად აქტიურები არიან, ნამდვილი პერპენტუუმ-მობილე. მიილტვიან მგზნებარე განცდებისკენ, მოსწონთ აღგზნებულ მდგომარეობაში ყოფნა და, შედეგად, ხშირად ზედმეტი გაღიზიანება და ნერვოზულობა ახასიათებთ.

ყვითელი ფსიქოტიპი. ამ ადამიანებისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თავისუფლება და თვითრეალიზაცია. ცვლილებების არ ეშინიათ, უყვართ ექსპერიმენტები. მეორე მხრივ, იმდენად თავისუფლებისმოყვარე არიან, რომ სხვაზე დამოკიდებულებას (ნებისმიერი სახის) ვერ იტანენ. ამიტომ პრობლემებს თვითონ კი არ წყვეტენ, უბრალოდ გაურბიან. ამის შედეგია ის, რომ ყვითელი ტიპის ადამიანები ხშირად გრძნობენ თავს დაკარგულად და გარიყულად, თვლიან, რომ საკმარის სიყვარულს ვერ იღებენ.

ლურჯი ფსიქოტიპი. კარდინალურად განსხვავდებიან "წითელი" და "ყვითელი" მეგობრებისგან. ცხოვრებაში მთავარი მათთვის სიმშვიდე და მყუდროებაა. ხანდახან ეს ზედმეტ მოდუნებას იწვევს: ადამიანი აღარაფრისკენ ისწრაფის და გაურბის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. გარდა ამისა, ხშირად ტანჯავს მოწყენილობა და საყვარელი ადამიანების გვერდით თავს ხანდახან გაუცხოებულად გრძნობს.

მწვანე ფსიქოტიპი. მისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი თავისა და სიტუაციის მართვა. თუ რამეს გეგმავს, წინასწარ თვლის, რა უნდა მიიღოს და რისი გაღება შეუძლია. სპონტანურობა მისთვის უცხოა. ხშირად გაიტაცებს იდეა, რომ მნიშვნელოვანი და პრესტიჟული პიროვნებაა. ბევრ რამეზე წავა ცნობილი მოდის სახლების ძვირფასი სამოსის შესაძენად. არასდროს იტყვის უარს შესაძლებლობის ფარგლებში სტატუსის ამაღლებაზე.

ასეთი ადამიანები ხშირად მოჩვენებითი ვალდებულებისგან იტანჯებიან. მოქმედებენ პრინციპით “მდგომარეობა გავალებს”: სულ არ უნდა ნიანგის ტყავის ჩანთა იყიდოს, მაგრამ საჭიროა, სხვაგვარად საკადრის ”დონეზე” ვერ იქნება.

პრობლემების ფერადოვანი დიაგნოსტიკა
იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სუფთად ერთ განსაზღვრულ ფსიქოტიპს მიეკუთვნებიან, არც ისე დიდია. ჩვეულებრივ, რამდენიმე ტიპის თვისებებს ვაჯერებთ ხოლმე. თუმცა ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის პერიოდები, როცა რომელიმე კონკრეტული ფერი დომინირებს. მაგალითად, ცნობილია, რომ დეპრესიის პერიოდში ყველა შავ ან მუქ ყავისფერს ირჩევს. თუ ამ დროს მოუხდა მანქანის არჩევა, ან სახლში რემონტის გაკეთება, მუქ ტონებს ამჯობინებს.

ფერთა თერაპიის თვალსაზრისით, ცხოვრებაში ფერების შეტანა დეპრესიასთან გამკლავებას ეხმარება. თუნდაც იმიტომ, რომ დათრგუნულობის მიუხედავად, ადამიანის ფერადოვან სიგნალს იღებს და ეს მის ფსიქიკას ან აქტივიზაციისკენ უბიძგებს, ან ამშვიდებს.

საკუთარ სულიერ მდგომარეობას ყურადღება უნდა მიაქციონ მათაც, ვისაც განსაკუთრებულად იისფერი მოსწონს. როგორც აღვნიშნეთ, იისფერი შფოთისა და მღელვარების ფერია. შფოთიანობა კი მიზნის მიღწევის გზაზე სერიოზული ბარიერია. სასურველზე კონცენტრირების ნაცვლად, ადამიანი თავს იმ კითხვებით იტანჯავს, ღირსია თუ არა, შეუძლია თუ არა. შფოთი ადამიანს იმ ძალას ართმევს, რომელიც ნაფიქრის რეალიზებისთვის ზედმეტი ნამდვილად არ იქნებოდა.

ფერადი გაჯანსაღება
მდგომარეობის გამოსასწორებლად ფერების თამაშიც არ იქნება ურიგო. მნიშვნელოვანი მხოლოდ იმის განსაზღვრა კი არ არის, რომელი პერიოდი დადგა შენს ცხოვრებაში (რომელი ფერი ჭარბობს) და რატომ, არამედ ამ ფერების გაწონასწორებაც.

მაგალითად, თუ გრძნობ, რომ აღგზნებული ხარ და გაღიზიანება და შფოთი თანდათან იზრდება, მოაშორე ყველაფერი წითელი, კედელზე ცისფერი ან მწვანე ტონის სურათები დაკიდე და ლურჯი ჩაიცვი. ამ გზით მღელვარებას ტანსაცმლის მშვიდი ფერით დააბალანსებ და გარშემომყოფებზეც უკეთეს შთაბეჭდილებას დატოვებ.

თუ დათრგუნული და პასიური ხარ, არაფრის გაკეთება გინდა და ყველაფერი სულ ერთია, უპირატესობა წითელს მიანიჭე - შენი გამოცოცხლება და გახალისება სამუშაო მაგიდაზე ’’მოკალათებულ” პატარა წითელ სუვენირსაც კი ძალუძს.

მოამზადა სოფიო გულიაშვილმა


Comments: