1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

პასიური მოლოდინი თუ აქტიური მოქმედება - როდის ჯობს ინიციატივის გამოჩენა

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

როდის სჯობს ინიციატივის გამოჩენათუ შეუძლია, ქალს იმდენად ემანსიპირებული იყოს, რომ ხელი და გული თუ არა, ჩაი-ყავა, ან ცეკვა მაინც შესთავაზოს მამაკაცს?

სამყაროში ყველაფერს თავისი წესი და რიგი, დანიშნულება და ადგილი აქვს, მაგრამ ადამიანიც არ იქნებოდა ადამიანი, რომ გამუდმებით არ ცდილობდეს, ეს “დადგენილებები” როგორმე მოარღვიოს და არ ჩაეძიოს – იმისთვის მაინც, რომ ნახოს, მაინც როგორაა ეს ყველაფერი მოწყობილი. ლოგიკურად და მარტივად იყო ყველაფერი ქალსა და კაცს შორისაც: ის (კაცი) – შემტევი, ის (ქალი) – თავს იცავს. კაცი – შემთავაზებელი, ქალი – წყვეტს: მიიღოს წინადადება, თუ - არა. იდეალური სისტემააო, ამბობენ ექსპერტები, რადგან მასში ორივე სქესის ფსიქო-ფიზიოლოგიური თავისებურება გათვალისწინებულია.

მაგრამ არა, ადამიანი მაინც ვერ ისვენებს. შეგუება განსაკუთრებით ქალებს უჭირთ, თანაც XXI საუკუნეა, რაღა დროს დადგენილი კანონები და მოლოდინიაო. მარტო ტატიანა ლარინას გახსენება რად ღირს. ბევრი ინიციატორი ქალი იხსენებს ამ პერსონაჟს თავის გასამართლებლად, მაგრამ შედეგი, რომლითაც ტატიანას განდობა დამთავრდა, აღარ ახსოვთ ხოლმე. განა ონეგინიც თანამედროვე მამაკაცების უდიდეს უმრავლესობასავით არ მოიქცა: ვითომ ცხოვრებას ასწავლიდა, მიეთმოეთი - სიტყვებში, გულის სიღმეში კი თავი შორს დაიჭირა და მოინიშნა: ეს ქალი, ყოველთვის ჩემს განკარგულებაშია და ამიტომ - უინტერესო.

აბა, მაშინ, როგორ მოიქცეს ქალი, რომელსაც, ვთქვათ, სიმპათიური, თავისუფალი ფინანსური დირექტორი მოსწონს. კაცი ჯერჯერობით ყურადღებას არ აქცევს, იმ აზრამდეც მივიდა, თვითონ მივალ და შევთავაზებ რამესო.

მაგრამ ჯერ ვნახოთ, რატომ არ ღირს გადამწყვეტი, დიდი ნაბიჯის გადადგმა:

1. ინიციატივა ისედაც ქალის ხელშია. შეუძლია გაიღიმოს, მზერა ესროლოს, იკეკლუცოს, მიანიშნოს, ღრმა დეკოლტე ჩაიცვას, ან სკანდალური მინი. თუ ქალს ვინმე მოეწონა – ნამდვილად მოახერხებს, რომ მიახვედროს და გააგებინოს. ამიტომ პირველი ნაბიჯის უფლება, თუნდაც ვუალში შენიღბულის, ყოველთვის ჩვენია, თუ, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯის გადადგმას მოვინდომებთ.

2. იმიტომ, რომ ჩვენ მამაკაცებისგან განსხვავებით, ნაკლებად ვართ დარწმუნებულნი საკუთარ სურვილებში. სხვაგვარად რომ ავხსნათ: 2-მეტრიან მანძილზე თითქმის შეყვარებულები ვართ, ხოლო პირველივე ბიფშტექსის სურნელით შეფერილი კოცნის შემდეგ ეს სიყვარული თუ სურვილი შეიძლება თვალის დახამხამებაში აორთქლდეს. ბოლო წამს გადაფიქრების მორალური უფლება ყოველთვის გვრჩება.

3. ჩვენ არ ვართ მიჩვეული უარს. თუ კაცი ვინმეს კუდში დაჰყვება, თაყვანისცემის ობიექტად გაუხდია და საპასუხოდ მხოლოდ ზურგშექცევას და გულგრილობას იღებს, მალევე ფხიზლდება და საკუთარ თავს ეუბნება: “დიდი ამბავიო”.

ქალი, რომელიც უარს იღებს, ფიასკოს გაცილებით მტკივნეულად განიცდის. ამიტომ არ უღირს პირველი ნაბიჯით რისკის ქვეშ თვითშეფასების დაყენება და ზედმეტი კომპლექსების აკიდება. იმედია - არც თქვენ.

4. იმიტომ, რომ მამაკაცების უმრავლესობას სინამდვილეში არ მოსწონს, კუთხეში რომ მოიმწყვდევენ. მათთვის უფრო ბუნებრივი მონადირის როლში ყოფნაა და არა - ნანადირევის.

5. იმიტომ, რომ მამაკაცი, რომელიც იძულებულია, ქალს უარი უთხრას, თავს უხერხულად გრძნობს, უსიამოვნოდ, ცუდად და სულელურად. ის, სხვათა შორის, უფრო ფაქიზად ეპყრობა ჩვენს გრძნობებს, ვიდრე ჩვენ – მისას.

ბოლოს და ბოლოს, აგყვება, მოგიფონებს, თავს მოგაჩვენებს, თითქოს არც ისე გულგრილია, ოღონდ უსიამოვნო სიტუაცია აირიდოს. მერედა ვის სჭირდება ასეთი “მსხვერპლი” და თამაში? იმედია, თქვენ – არა.

6. საზოგადოებრივი აზრი ალმაცერად უყურებს ქალს, რომელიც არ ითვალისწინებს რა უკვე ჩამოთვლილს, მაინც იბრძვის და ცდილობს, სასურველი მოიპოვოს. საზოგადოებრივ აზრს ურჩევნია ასეთ ქალს სასაცილო და ცუდად აღზრდილი უწოდოს. თავისდათავად ეს საზოგადოებრივი აზრი ჩვენთვის არც ისე მნიშვნელოვანია, მაგრამ წინა ექვსთან ერთად, მისი მოსმენაც ღირს.

* * *
მაშ, რა ვურჩიოთ ფინანსური დირექტორის მოტრფიალეს? იდეალური პირველი ნაბიჯი ალბათ I პუნქტის გათვალისწინება იქნება (ინიციატივაზე, რომელიც ისედაც ჩვენია), ბუტიკში ვიზიტი და შესაფერი გარდერობის შერჩევა; ისეთის, უყურადღებოდ რომ ვერავინ დატოვებს, არც კუთხეში მოვიმწყვდევთ ვინმეს, უბრალოდ, მანევრისთვის სივრცეს შევუვიწროვებთ - რაც ჩვენი კანონიერი, უფრო ზუსტად, ბუნების ნაბოძები უფლებაა...

eva.ge
ს. გულიაშვილი 

Comments: