ბავშვური ჩხუბის რეჟისურა
- დეტალები
- განყოფილება: რჩევები დედებს
- შექმნილია 06 თებერვალი 2012
- გადასვლები: 646
დიდი ქალაქის მაცხოვრებელმა იცის, როგორ გიწამლავს ცხოვრებას ზოგი ქალბატონისა თუ ბატონის აგრესიული განწყობა ქუჩაში, ტრანსპორტში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში. გაღიზიანებული ადამიანი არ მალავს თავის ბრაზს, შემთხვევით გამვლელს თუ შემხვედრს გადმოაფრქვევს, თუ ეს უკანასკნელი ოდნავ მაინც შეეხება, ან
შემთხვევით ფეხს დააბიჯებს. ეს განწყობა გალანძღულზეც გადადის და ისიც, კოპებშეკრული, მრისხანებას უკვე სხვას დაატეხს.
”ერთი ემიგრანტი ქალი, რომელიც ამერიკაში 15 წელია ცხოვრობს, ყვებოდა, პირველ წლებში ძალიან გამიჭირდა პატარა სკანდალებიგან თავის შეკავებაო. აი, ვიღაც ახმახი დაგეჯახა, უსაზღვრო ბრაზი გახრჩობს, მობრუნდები ნესტოებგაფართოებული, რომ ამ ვირს უთხრა, რას ფიქრობ მასზე და.. სრულიად უწყინარ ღიმილსა და მორცხვ გამოხედავას აწყდები. Oh, I’m so sorry, – გეუბნება “დამნაშავე” და მომენტალურად მშვიდდები. მერე გრცხვენია კიდეც აგრესიის გამო”.
ვითომ მხოლოდ ჩვენი მძიმე ყოფის დამღაა ასეთი გაღიზიანება და აღშფოთება? იქნებ ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ სამაგიეროს გადახდას პატარებს შეუმჩნევლად ვაჩვევთ და ძალაუნებურად ვუნერგავთ. როგორ და როდის? აი, მაგალითად:
ძალიან ხშირად, როცა ბავშვები თამაშობენ, ერთი მეორეს მანქანას წაართმევს, ან მუჯლუგუნს ჰკრავს და ატყდება კივილი-წივილი და გაწევ-გამოწევა. საქმის გარჩევაში თვალის დახამხამებაში დედები ჩაერევიან ხოლმე. ვინც მიასწრებს, ის გაიმარჯვებს, კონფლიქტი უკვე მათთან გადადის და რაუნდი იმის სასარგებლოდ მთავრდება, ვინც უფრო ხმამაღლა და მჭევრმეტყველურად დაიცავს ბავშვს. განაწყენებული დამარცხებულები კი დემონსტრაციულად მიდიან სახლში. ორივე ბავშვი იმახსოვრებს: ხმამაღლა უნდა იყვირო, ზედმეტი არ იქნება თუ გალანძღავ, ერთი ორი სილის გაწვნაც არ აწყენს და გამარჯვებული ხარ!
თუ ასეთმა სცენამ არ მოგხიბლათ და შეგაწუხათ, იმისთვის, რომ თავხედობის გაკვეთილები არ ჩაუტაროთ ბავშვს, რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:
დასაწყისისთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვებისთვის კონფლიქტი სავსებით ბუნებრივი მდგომარეობაა, არაფრითაა საერთო თამაშზე ცუდი. 2-3 წლის ბავშვებმა თამაში არც იციან, სათამაშოებს ცვლიან და ასე ერთობიან.
თანაც ეს პერიოდი საუკეთესოა სიხარბის ჩამოსაყალიბებლად. ეს სიხარბე რაღაც თვითდამკვიდრების აქტივითაა. ”ჩემია”, – ამბობს პატარა და სავსებით მართალია. “მომეცი”, – ამბობს მეორე პატარა და მისი გაგებაც შეიძლება. მერე ეს უთანხმოება კონფლიქტში გადაიზრდება და ხანდახან უფროსების კონფლიქტიც მოყვება.
რაში მდგომარეობს მსგავსი ჩხუბის მშობლიური არტილერიის გამოყენებით თავიდან აცილების ”მეცნიერება”?
1. ყველაზე კარგი წესი, რომელიც მშობლებისთვის საერთო უნდა იყოს – სათამაშო “მოედანზე” ყველა სათამაშო საერთოა. იმ ბავშვის დედამ, რომელიც არაფერს არავის აძლევს, პატარა გულის გადასაყოლებლად ან სასეირნოდ უნდა გაიყვანოს ან აუხსნას, რომ სათამაშოს გაცვლა შეიძლება, თანაც უფრო მომგებიანიც იქნება.
2. ახალთახალ, საყვარელ სათამაშოებს ”საერთო ასპარეზზე” ნუ წაიღებთ – პატარას ძალიან გაუჭირდება მათთან განშორება, ან ვინმესთვის განაწილება. “ქუჩის” სათამაშოები ერთ პაკეტში შეაგროვეთ და ასე შეინახეთ მომდევნო გასეირნებამდე. თუ ამგვარ წეს-წყობას მიეჩვევა ბავშვი, შემდეგ თვითონაც აღარ მოინდომებს ახალი სათამაშოების გარეთ გატანას.
3. ნუ იჩქარებთ ბავშვების ჩხუბში ჩარევას. მხოლოდ მაშინ დაეხმარეთ, როცა პრობლემა წუთიერი კონფლიტის ფარგლებს გასცდება. თუ მაშინვე გავარდებით საშველად, ბავშვი კონფლიქტების დამოუკიდებლად მოგვარებას ვერასდროს შეძლებს.
4. თუ კამათი სკანდალში გადაიზარდა, ბავშვები უნდა მოაშოროთ ერთმანეთს, ”წინა ხაზიდან” უნდა გაიყვანოთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაუტანოთ და დაამშვიდოთ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში სიტუაცია არ უნდა დაძაბოთ, ბრალი არავის დასდოთ, ძალიანაც რომ გინდოდეთ – მაინც. მერე დასვით პატარა ისე, რომ თქვენი თვალები მისას უსწორდებოდეს და აუხსენით რომელი კონკრეტიული მოქმედებების გამო წარმოიშვა კონფლიქტი.
5. ბავშვების დაშოშმინებისას მოერიდეთ სიტყვებს: “ცუდი”, “ძუნწი”, “ბოროტი”. გაახმოვანეთ თქვენი შვილისა და სხვა ბავშვების გრძნობები: “არავის სიამოვნებს”, “ჩხუბი არავის უნდა”, “მოდით, ისეთი თამაში მოვიფიქროთ, რომელშიც ჩხუბი არ იქნება”.
6. შეეცადეთ, ნაცნობ დედებთან და ბავშვებთან ისეირნოთ. თქვენც გესიამოვნებათ მუსაიფი და ბავშვებსაც არგებს სიმშვიდე და თანხმობა.
Comments:



